ახალი ამბები

გერმანიის ელჩი 20 ივნისზე: რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში

12 ივლისი, 2019 • 2047
გერმანიის ელჩი 20 ივნისზე: რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ 20 ივნისს ნამდვილად იმყოფებოდა პარლამენტში, თუმცა მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ეხებოდა აქციის დაშლას.

“ყველასთვის ცნობილია, რომ  20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე.

რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი  პროცედურების შესაბამისად”, – აცხადებს გერმანიის ელჩი. მისი წერილობითი განცხადება საელჩომ გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, 20 ივნისის ღამეს, ფაქტობრივად, ბოლომდე იყო პარლამეტნში, სხვებს კი შსს-სთან კომუნიკაცია ჰქონდათ. მანამდე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად პარლამენტის შენობაში რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა უარყო, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში იმყოფებოდნენ. მათი ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყვნენ აქციის დაშლის დროს პარლამენტში და აცხადებენ, რომ ეს საქართველოს შიდა საქმე იყო.

20 ივნისის აქციის დარბევისას თბილისში 240-მდე ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორმა თვალი დაკარგა. საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი საპროტესტო აციებს ამ დრომდე მართავს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

ელჩები, რომლებმაც დარბევის ღამეს პარლამენტში ყოფნა არ დაადასტურეს

მასალების გადაბეჭდვის წესი