ახალი ამბები

არანაირი პრობლემა არ მაქვს, ვესაუბრო აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს – გახარია

11 ივლისი, 2019 • 938
არანაირი პრობლემა არ მაქვს, ვესაუბრო აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების მონაწილე ახალგაზრდებთან “მათთვის საინტერესო საკითხებზე” საუბრის პრობლემა არ აქვს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვას, რას ეტყვის მინისტრი დემონსტრანტებს, გახარიამ ასეთი პასუხი გასცა:

პირველ რიგში, იმ აქტიურმა ახალგაზრდებმა, რომლებიც დგანან დღეს აქციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რას ითხოვენ, უნდა გავითვალისწინოთ და გავათვიცნობიეროთ ერთი რამ: უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაშინ როდესაც შენ თვლი, რომ მოქმედებ ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე… არ აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ თანამდებობაზე, იკავებ რაიმე პოზიციას, დგახარ აქციაზე, ხარ პოლიციაში, ხარ ჯარისკაცი… როდესაც თვლი, რომ შენი ქმედება განპირობებულია არა შენი სუბიექტური, ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საყოველთაო, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვისწავლოთ ერთი რამ, რომ ვუსმინოთ ერთმანეთს.

მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, თითოეულ ამ ახალგაზრდას თუნდაც სტუდიაში რომ დავუძახოთ, ვინც გარეთ დგას, მათ წარმომადგენლებს და ვესაუბროთ იმაზე, რაც მათთვის საინტერესოა, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: როდესაც აქცია, გამოხატვის თავისუფლება არის  მშვიდობიანი, პოლიცია ყოველთვის იზრუნებს მათზე, როგორც ზრუნავს დღეს, ასევე იზრუნებს ხვალ. მაგრამ როგორც კი, არ აქვს მნიშვნელობა, რის გამო, ეს აქცია გახდება ძალადობრივი, მიიღებს შტურმის და პოლიციაზე შეტევის ან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევის სახეს, უნდ ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო, პოლიცია, ვალდებულია, იმოქმედოს, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდებმა დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ”, – თქვა მან.

ინტერვიუს დასრულების შემდეგ, გახარიამ ტელევიზიის შენობა ალტერნატიული გასასვლელით დატოვა. “მშიშარა, მშიშარა!” – ამ შეძახილებს სკანდირებდნენ “ტვ პირველის” სტუდიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები. 

გადაცემის მსვლელობისას გახარიამ აღნიშნა, რომ 20 ივნისს აქციის ძალისმიერი დაშლის ბრძანება თავად გასცა. მისივე ვერსიით, აქციის მონაწილეები პროცესის დაწყებამდე 4-ჯერ გააფრთხილეს, ძალის გამოყენება კი ლეგიტიმური და პროპორციული იყო, რასაც ბიძინა ივანიშვილიც ეთანხმება.

გახარიამ აქციას თავი აარიდა ტვ “პირველის” შენობა ალტერნატიული გასასვლელით დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი