ახალი ამბები

რა თქმა უნდა, მე გავეცი ბრძანება – გახარია 20 ივნისის ღამის მოვლენებზე

11 ივლისი, 2019 •
რა თქმა უნდა, მე გავეცი ბრძანება – გახარია 20 ივნისის ღამის მოვლენებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თავად გასცა ბრძანება 20 ივნისის ღამეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ძალისმიერ დაშლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში ისაუბრა. მანამდე გახარია აღნიშნულ კითხვაზე პირდაპირ არ პასუხობდა.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გახარიას ჰკითხა – “თქვენ ახლა მე პირდაპირ ეთერში დამიდასტურებთ, რომ იქ  რაც ხდებოდა, ყველაფერზე ბრძანება გაეცით თქვენ? პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდე?” – რაზეც მინისტრმა მიუგო:

“რა თქმა უნდა, ინგა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც კანონმდებლობით არის აბსოლუტურად სრულად გაწერილი. პოლიციისა და შსს-ს ძირითადი ვალდებულებაა, დაიცვას ინსტიტუტები და დაიცვას მართლწესრიგი და სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში”.

გრიგოლიას კიდევ ერთ კითხვაზე –  “თქვენ გაეცით ბრძანება იმ საშინელი ტყვიების გამოყენებაზე?” – გახარიამ შემდეგი პასუხი გასცა:

“მე მესმის თქვენი. სიტყვა “საშინელი” თქვენთვის მისაღებია, ჩემთვის არ არის მისაღები. იმიტომ, რომ ის ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემისთვის გამოსაყენებლად”.


რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი