ახალი ამბები

გახარიას ვერსიით, 20 ივნისის დარბევამდე დემონსტრანტები 4-ჯერ გააფრთხილეს, მათ შორის, სპეციალური ხმითაც

11 ივლისი, 2019 • 2110
გახარიას ვერსიით, 20 ივნისის დარბევამდე დემონსტრანტები 4-ჯერ გააფრთხილეს, მათ შორის, სპეციალური ხმითაც

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეები ოთხჯერ გააფრთხილეს, სანამ ძალისმიერი დაშლა დაიწყებოდა. ამის შესახებ მან ტვ “პირველის ეთერში” განაცხადა. გახარიას თქმით, სამართალდამცავებმა აქციის დაშლამდე გასაფრთხილებლად გამოიყენეს  სპეციალური ხმოვანი მიმართვა.

მინისტრსა და ჟურნალისტს შორის აღნიშნულ საკითხზე კამათისას შემდეგი დიალოგი წარიმართა:

გახარია: როდესაც 10 საათზე აქცია გახდა ძალადობრივი, მხოლოდ 2.5 საათის შემდეგ დაიწყო პოლიციამ მოქმედება. როგორ ფიქრობთ, კანონდამცველი მოქალაქის ვალდებულება რა იყო? აქციაზე დარჩენა, მაშინ როდესაც შსს-მ, ქალაქის მერმა, რამოდენიმეჯერ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გთხოვთ, დატოვოთ აქციის…

გრიგოლია:  სად არის ეს გაფრთხილება? შეგიძლიათ, დრო მიმითითოთ?

გახარია: ყველგან. ეს გაფრთხილება იყო ყველგან. ეს გაფრთხილება იყო ოთხჯერ. მედიაში მე გამოვედი პირადად რამდენჯერმე, რომელსაც არ ვთვლი. მე გამოვედი პირადად, ჟურნალისტებთან დავდექი და ვთხოვე მოქალაქეებს და ვუთხარი, რომ პოლიცია…

გრიგოლია: ხმა, საგანგებო… იქ ვინც იდგა და აპროტესტებდა იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, ვეჭვობ, ტელევიზორის სანახავად ვერ მოიცლიდა.

გახარია: ეს ხმაც იყო.

გრიგოლია: რომელ საათზე იყო, აი, ამის გარკვევას  ვცდილობ.

გახარია: ეს ხმაც იყო.

გრიგოლია: ანუ, თქვენ მე მეუბნებით, რომ გაფრთხილება იყო?

გახარია: რა თქმა უნდა.

საგანგებო ხმოვან მიმართვას, რომელზეც ინგა გრიგოლია საუბრობს, პოლიცია დემონსტრაციების დაშლის დაწყებამდე იყენებს და ამით მოქალაქეებს კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ აუწყებს. 20 ივნისის ღამეს, უშუალოდ რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დაწყებამდე, მსგავსი გაფრთხილება არ ყოფილა.


რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი