ახალი ამბები

ისტორიის არასწორად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი — ზალკალიანი პუტინის სიტყვებზე

10 ივლისი, 2019 • 1796
ისტორიის არასწორად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი — ზალკალიანი პუტინის სიტყვებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც საქართველო დაადანაშაულა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციასა და გენოციდში.  ზალკალიანის თანახმად, პუტინის განცხადება არახალია და არის „ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი“; ის ასევე ამბობს, რომ „ისტორიულ ფაქტებზე ისტორიკოსებმა უნდა იმსჯელონ“.

“ეს ახალი არ არის. ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები. ეს, რა თქმა უნდა, არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რაზეც საუბარი იყო, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტში“, — განაცხადა ზალკალიანმა 10 ივლისს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

ზალკალიანმა თქვა: „როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს და  ეს ფაქტები არგუმენტირებულად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“.

„თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ. აქაც, ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ არის ძალიან ბევრი ფაქტი. რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამის დასტურია ის ქმედება, რაც აისახება ჟენევის ფორმატის ფარგლებში“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ის არის მუდმივად იმის გაცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა იყოს“, — დასძინა მან.


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს ადანაშაულებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციაში და გენოციდში და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს ისტორია არ დაივიწყოს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე მიიჩნევს, რომ პუტინმა თავის განცხადებაში არაერთი ისტორიული ფაქტი შეცვალა ან დაამახინჯა. მის მოსაზრებას გაეცანით ბმულზე:

პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი