ახალი ამბები

პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს

10 ივლისი, 2019 •
პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს  ადანაშაულებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციასა და გენოციდში და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ისტორია არ დაივიწყოს. ამის შესახებ მან რუსლ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს, 1774 წელს შევიდა. შევიდა მთლიანად, მისი სამხრეთი ნაწილიც და ჩრდილოეთიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი რუსეთის იმპერიაში შევიდა 1810 წელს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სამთავრო. შემდეგში ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა ტფილისის გუბერნიაში, არავითარი საქართველო არ ყოფილა, ეს იყო ტფილისის გუბერნია”, – ამბობს პუტინი.

პუტინის მტკიცებით, რუსეთის იმპერიის ჩამოშლის და I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ აფხაზეთის ჩაყლაპვა სცადა გერმანული ძალების დახმარებით.

“1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად მოქმედებდნენ, 1919-1920 წლებში ოკუპანტები ოსეთში უფრო სასტიკად მოიქცნენ. რეალურად, ეს ზუსტად ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ”, – აცხადებს პუტინი.

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დროს ჯერ ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამეკავშირეო სოციალისტური რესპუბლიკა, რომელშიც საქართველო შევიდა. პუტინის თქმით, არც ეს იყო საქართველო. სტალინის დროს კი ჩამოყალიბდა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკა, რომლის ნაწილადაც იქცა აფხაზეთი. პუტინის თქმით, ბერიამ და სტალინმა საქართველოს მიერ აფხაზეთის ჩასაყლაპად უაღრესად მკაცრი ზომები მიიღეს აფხაზეთში. პუტინის განცხადებით, ეს რეალობა და მძიმე მემკვიდრეობა არ გაითვალისწინა საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა და აჭარის, აფხაზეთის ავტონომიები გააუქმა, რასაც ძმათა მკვლელი ომები მოჰყვა.

პუტინის თქმით, თავის დროზე სააკაშვილს აფრთხილებდა, აფხაზეთსა და ცხინვალში ომი არ დაეწყო, რაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტმ არ გაითვალისწინა და ამას 2008 წლის პროცესები მოჰყვა.

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე მიიჩნევს, რომ პუტინმა თავის განცხადებაში არაერთი ისტორიული ფაქტი შეცვალა ან დაამახინჯა. მის მოსაზრებას გაეცანით ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი