ახალი ამბები

ვინ არ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას? — ზალკალიანი პუტინის პოზიციაზე სანქციებთან დაკავშირებით

10 ივლისი, 2019 • 711
ვინ არ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას? — ზალკალიანი პუტინის პოზიციაზე სანქციებთან დაკავშირებით

„და თქვენ არ მიესალმებით ამ გადაწყვეტილებას? ვინ არ მიესალმება?“, — ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსთავი2-ის კითხვას, რატომ განაცხადა, რომ მიესალმებოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციას საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით.

წინა დღეს პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია. პასუხად ზალკალიანმა თქვა, რომ ეს იყო „ცალსახად სწორი განაწყვეტილება“ და მას „მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მივესალმოთ“.

ზალკალიანმა 10 ივლისს განაცადა: „იმ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, იმ უპასუხისმგებლო, დესტრუქციული და პროვოკაციული განცხადებების ფონზე, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები აკეთეს და მხარდამჭერმა სხვადასხვა ორგანიზაციამ, ქვეყანა შესაძლოა, მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე. სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი, რომ ის მიღწევები, ეკონომიკური განვითარებით 4.5%-ით, მშპ-ის ზრდა იმ ფონზე, რა გამოწვევებიც აქვს ქვეყანას ამ სიტუაციაში, მართლაც ძალიან სერიოზული მიღწევაა“. შემდეგ კი თქვა:

„რა თქმა უნდა, ეს ხალხის კეთილდღეობაზე არ აისახება, მაგრამ მთავრობა რომ ყველაფერს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის, ფაქტია“.

შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ გააკრიტიკა რუსთავი2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი და თქვა: „ეს განცხადებები სწორედ იყო პროვოკაციული, მიმართული იმისკენ, რომ ასეთი რეაქცია გამოეწვია, რა რეაქციაც მას მოჰყვა რუსეთის დუმის მხრიდან“.

„იცით თქვენ, რომ ძალიან ახლოს ვიყავით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ შემოღებული ყოფილიყო ემბარგო და ა.შ.. რა მოგვიტანა ამან, თქვენ კარგად გახსოვთ 2006 წელს. გვინდოდა, რომ ქართველები, ისე როგორც მაშინ გამოდევნეს, ისევ იმ ფაქტის წინაშე დავმდგარიყავით? ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ვინ აგებდა მერე პასუხს იმ ასობით ათას ქართველზე, ვინც რუსეთში ცხოვრობს“? ,— უთხრა მან ჟურნალისტებს. ბოლოს კი კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ამ სიტუაციაში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“.

პუტინის თქმით, საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია

მასალების გადაბეჭდვის წესი