ახალი ამბები

არ მიმაჩნია, რომ გახარია უნდა გადადგეს — ლევან ვასაძე

8 ივლისი, 2019 • 2034
არ მიმაჩნია, რომ გახარია უნდა გადადგეს — ლევან ვასაძე

„მე პირადად არ მიმაჩნია, რომ [შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი] გახარია უნდა გადადგეს“, — განუცხადა ლევან ვასაძემ ნეტგაზეთს.

ლევან ვასაძის, „ქართული მარშის“,  „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და სხვების ლიდერობითა და მონაწილეობით პარლამენტთან ჰომოფობიური აქცია იმართება. ამის მიუხედავად, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ყოველდღიური აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეს, 19:00 საათზე, იქ მაინც გაიმართება აქცია.

ნეტგაზეთს ლევან ვასაძემ განუცხადა, რომ „არავითარი აგრესია“ არ აქვთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც „აპროტესტებს რუსეთის ოკუპაციას, სამართალდამცველების მიერ ძალაუფლების გადამეტებას“, თუმცა დასძინა, რომ „ეს უნდა გამოძიებამ დაადგინოს“. მან ასევე გვითხრა: „მე პირადად არ მიმაჩნია, რომ გახარია უნდა გადადგეს. მათ მიაჩნიათ. ეს არის დემოკრატია“.

ნეტგაზეთის კითხვაზე, დადგება თუ არა ყოველდღიური დემონსტრაციების მონაწილეების გვერდით და შეუერთდება თუ არა მათ, ვასაძემ თქვა: „მე არავისთან არ ვდგავარ. თუ ვინმეს უნდა, მოვიდეს პრაიდის წინააღმდეგ, მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდზე“.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია სხვადასხვა შეხედულების ადამიანების სხვადასხვა შინაარსის აქციები ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას, ვასაძემ თქვა: „რავი, ვნახოთ… საერთოდ არ გვედარდება“.

ვასაძის დემონსტრაციის მიუხედავად, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია დაანონსდა

მასალების გადაბეჭდვის წესი