ახალი ამბები

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა

8 ივლისი, 2019 • 1976
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა

დღეს, რვა ივლისს, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.

რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს აუკრძალა. პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით დროებითი აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს კი თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, „პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება.”

ურალის ავიახაზები ბათუმის ნაცვლად მგზავრებს მაგადანში სთავაზობს წასვლას

მასალების გადაბეჭდვის წესი