ახალი ამბები

საპატრიარქო “ღირსების მარშზე” პასუხისმგებლობას პრაიდის ორგანიზატორებს აკისრებს

8 ივლისი, 2019 • 1055
საპატრიარქო  “ღირსების მარშზე” პასუხისმგებლობას პრაიდის ორგანიზატორებს აკისრებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივლისს დაგეგმილ “ღირსების მარშზე” განცხადებას ავრცელებს და პასუხისმგებლობას პრაიდის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს აკისრებს.

 

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე.წ. ,,ღირსების მარშის“ ჩატარების ხელახლა დაანონსებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა”, – აცხადებს საპატრიაქრო და დასძენს, LGBT წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, თუმცა ისინი მაინც უგულვებელყოფენ ხალხის ნებას:

“როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები და LGBT წარმომადგენლები, ამას რაიმე სახის ექსცესი არ გამოუწვევია; ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათ, როგორც ყველას, არ ეზღუდებათ თავიანთი უფლებების რეალიზება; მაგრამ, როდესაც აღნიშნული ჯგუფები უგულებელყოფენ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ეწევიან თავიანთი ,,ფასეულობების” პოპულარიზაციას, ეს ბუნებრივად იწვევს დიდ გაღიზიანებას და სამოქალაქო დაძაბულობის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქმება.

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, იცნობს რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მიიჩნევს, რომ ე. წ. ,,პრაიდი” არ არის ცალკე აღებული მოვლენა, არამედ შორსმიმავალი სტრატეგიის ერთ-ერთი ეტაპია და მიმართულია ერთნაირსქესიანთა ,,ქორწინებისა” და მათ მიერ შვილის აყვანის უფლების საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებისაკენ”, – აცხადებს საპატრიარქო და სიტყვიერად ემიჯნება ძალადობას, თუმცა პასუხისმგებლობას პრაიდის ორგანიზატორებს აკისრებს:

“მრავალგზის განგვიცხადებია და ამჟამადაც აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. ამასთან, მიგვაჩნია, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე.წ. ,,პრაიდის” ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებას. შევთხოვთ ღმერთს, შეგვეწიოს, რათა ჩვენმა ხალხმა ეს განსაცდელიც მშვიდობით განვლოს”.

8 ივლისს თბილისი პრაიდის ჯგუფი ღირსების მარშს გეგმავს. მარშთან დაკავშირებით მუქარის განცხადება გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ. მისი განცხადებით, პპოლიციის კორდონს გაარღვევენ, მონაწილეებს კი “გაათრევენ”.

ამ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია, ისევე როგორც იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს მარშის უსაფრთხოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი