ახალი ამბები

პრაიდის პარალელურად ბავშვების კონტრაქცია დაანონსდა — რატომ არის ეს პრობლემა?

4 ივლისი, 2021 • 3724
პრაიდის პარალელურად ბავშვების კონტრაქცია დაანონსდა — რატომ არის ეს პრობლემა?

“5 ივლისს ჩვენც, ბავშვები, რუსთაველზე გამოვალთ!”, — ნათქვამია საპატრიარქოს ჩიხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

განცხადებიდან ირკვევა, რომ ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფი “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი “ღირსების მარშის” კონტრაქციაზე გამოვა. 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად კონტრაქცია საქართველოს საპატრიარქომ დააანონსა. სწორედ აღნიშნულ აქციას უერთდებიან ბავშვებიც, აცხადებენ რა, რომ:

  • ბავშვის უფლებათა კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი კრძალავს ნებისმიერი სახის სექსუალურ თემატიკაზე საჯარო განხილვებს და ისეთ გამოსვლებს, რითაც ირღვევა ბავშვების მშვიდ გარემოში აღზრდის უფლება;
  • ნებისმიერი აზრის გამოხატვა და შეკრების გამართვა უნდა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ეს არღვევს სხვა ადამიანების უფლებას და მორალურ ნორმებს.

“ბოლო ორი თვეა ტელევიზიებში ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით დიდი ამბავი იყო ატეხილი და მუდმივად ისმოდა ფრაზა: დაცული უნდა იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები. ახლა აღარ არის იგი დასაცავი? რატომ დაგვივიწყეთ?! 5 ივლისს ,,თბილისი-პრაიდის“ მიერ დაანონსებული მარში უხეშად არღვევს როგორც საერთო მორალს, ასევე ბავშვთა, ანუ ჩვენს საუკეთესო ინტერესს. ამასთან, რაც უფრო აგრესიულად გვილანძღავენ მშობლებს, რომლებიც რელიგიური, ეროვნული და ზნეობრივ წესებით გვზრდიან და რაც უფრო დაჟინებით მოითხოვენ პრაიდის გამართვას, მით უფრო მეტად ძალადობენ ჩვენზე”, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები, რომელთა ასაკი უცნობია, მიმართავენ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჯანდაცვის, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, სახალხო დამცველს, ბავშვის უფლებებზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანოზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კომიტეტს, ელჩებს, რომ დროულად აღკვეთონ მათთვის საზიანო და ხიფათის შემცველი მოქმედებები. ისინი მოუწოდებენ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, გავიდნენ რუსთაველზე და “ერთად დაიცვან მათი უფლებები, მშობლები, ახლობლები შეურაცხყოფებისა და ძალადობისაგან”.

რატომ არის პრობლემური ბავშვების აქცია

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა სვამს კითხვებს: რამდენად სწორად არიან ინფორმირებულები ამ განცხადების ავტორები? იციან კი მათ, რისთვის გამოდიან ქუჩაში ლგბტქი თემის წარმომადგენლები? ვინ და რა ინფორმაცია მიაწოდა ბავშვებს ამ საკითხის შესახებ?! რამდენად არიან ისინი ინფორმირებული ზოგადად უმცირესობების უფლებების და კონკრეტულად კი ყველაზე მეტად დაჩაგრული ჯგუფის შესახებ?

“წესით მათ ეს ყველაფერი უკვე სკოლაში უნდა ესწავლათ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე! კარგია, თუ ბავშვები დააკვირდებიან, რა ხდეება მათ თანატოლებში, როცა რომელიმე მათგანს არაჰეტერონორმატიული გარეგნობა ან ქცევა აქვს. ალბათ, ყველა მათგანი შესწრებია, როცა ბიჭს გოგონას სახელს შეარქმევენ (ან პირიქით) და აბუჩად იგდებენ. როცა თანაკლასელები „არ კადრულობენ“ მათ გვერდით ყოფნას და რიყავენ, არ ეპატიჟებიან დაბადების დღეებზე, მარტო თანატოლები კი არა, ზოგჯერ მასწავლებლებიც ასე იქცევიან. ეს კვლევებითაც დასტურდება და კარგია თუ ბავშვებს ამის შესახებაც ექნებათ ინფორმაცია”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” მაია ცირამუა.

მაია ცირამუას შეფასებით, ძალიან სახიფათო და დამაზიანებელია ბავშვისთვის, როცა მას განსხვავებული ადამიანის სიძულვილისაკენ უბიძგებენ.

“რა იციან ამ ბავშვებმა ადამიანის განვითარების შესახებ, რა არის იდენტობა, როგორ ყალიბდება იგი, რა განსაზღვრავს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას?! ეს არჩევანია, აღზრდის შედეგი თუ უბრალოდ ასეთი ხარ და ამას ვერ შეცვლი?! რა არის სიძულვილი და რა არის სიძულვილის ენა?! რა არის ჰომოფობია და ტრანსფობია? რისთვის არსებობს კანონი, კონსტიტუცია? რა უფლებები აქვთ ადამიანებს? სამწუხაროა, რომ განცხადების ტექსტში ჩანს სიძულვილის ენა და ეს ახალგაზრდები გარყვნილებას არქმევენ იმას, რაც ჩვენი საზოგადოების ერთი მცირე ჯგუფისთვის უბრალოდ ამ ქვეყანაში ცხოვრების, ტრანსპორტში მშვიდად მგზავრობის, სწავლის, მუშაობის, ადამიანებთან თანასწორი კომუნიკაციის, ძალადობისგან დაცვის და სიყვარულის უფლებაა. ხოლო მოსაზრება — „ჩვენ ხომ არ ვუშლით, ვისაც უნდა და როგორც უნდა ისე იცხოვრონ პირადი ცხოვრებით, მაგრამ თავის გაუკუღმართებულ ურთიერთობებს თავს ნუ გვახვევენ“ — ყველაზე მეტად გავრცელებული დისკრიმინაციული მოსაზრება, სადაც სიძულვილის ენა და ჰომოფობია ჩანს.

მგონია, რომ ძალიან სახიფათო და დამაზიანებელია ბავშვისთვის როცა მას განსხვავებული ადამიანის სიძულვილისაკენ უბიძგებ. ცხადია, მათ აქვთ უფლება იმსჯელონ ამ საკითხებზე სასამართლოში. ასევე აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები (მხოლოდ არაძალადობრივად და სიძულვილის ენის გარეშე), ასევე აქვთ უფლება იყვნენ დაცულები ყოველგავრი ძალადობრივი საფრთხისგან. ბავშვებს აქვთ უფლება იცოდნენ, რას გულისხმობს „სექსუალურ თემატიკაზე საჯარო განხილვა“ , რა არის უმცირესობების უფლებების დაცვა და დისკრიმინაციისაგან ადამიანების დაცვა და რა განსხვავებაა ამ ორ საკითხს შორის”, — აცხადებს ფსიქოლოგი.

ბავშვებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე საუბრობს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილიც.

მისი თქმით, არ უნდა მოხდეს ბავშვების მოტყუებით და რამე ზემოქმედების ფორმით ჩართვა ისეთ ღონისძიებებში, რომლის შინაარსზეც მათ სრულყოფილი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

“ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ბავშვებზე ზემოქმედება, იძულების წესით ღონისძიებებში ჩართვა, ბავშვებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, მათ შორის ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბავშვები არ უნდა იყვნენ შეცდომაში შეყვანილები. ეს არის ამოსავალი პრინციპი”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ხატიაშვილმა.

ჩოხოსანთა საზოგადოების შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარე თავად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა, თავმჯდომარის მოადგილე — ზვიად სეხნიაშვილი. საზოგადოების სათაო ოფისი სამების საპტრიარქო ტაძრის კარიბჭეში მდებარეობს.


1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. პრაიდის კვირეული პირველ ივლისს, ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ჩვენების მონაწილეებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.

კვირეულის ფარგლებში, 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. კიდევ მისი დაანონსებიდან მალევე, გაისმა და ახლაც ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად კონტრაქციას დააანონსა. წმინდა სინოდის წევრების ნაწილმა “თბილისი პრაიდზე” და კონტრაქციაზე წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებლობა პოლიციას დააკისრა და თქვა, რომ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.

“მე არ მომწონს, მაგრამ ვიღაცას მე არ მოვწონვარ” — ფოთის მიტროპოლიტი პრაიდზე

“ქრისტეს სახელით ძალადობა მიუღებელია” — ეპისკოპოსი საბა

მასალების გადაბეჭდვის წესი