ახალი ამბები

მოვუწოდებთ შსს-ს დაიცვას პრაიდის მონაწილეები და ჟურნალისტები – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

2 ივლისი, 2021 • 584
მოვუწოდებთ შსს-ს დაიცვას პრაიდის მონაწილეები და ჟურნალისტები – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების და მონაწილე პირთა უსაფრთხოება.

კოალიციის განცხადებით, “ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას “ღირსების მარშის” მონაწილეთა წინააღმდეგ.”

“გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

კოალიცია მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  •  უზრუნველყოს “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოება
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან
  •  ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი