ახალი ამბები

ბრიტანეთის ელჩი პრაიდზე: ღონისძიების ყველა მონაწილის უფლებები დაცული უნდა იყოს

1 ივლისი, 2021 • 1040
ბრიტანეთის ელჩი პრაიდზე: ღონისძიების ყველა მონაწილის უფლებები დაცული უნდა იყოს

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი “თბილისი პრაიდის” ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა იყოს განსაზღვრული მათი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით და აღნიშნა, რომ ღონისძიებაზეა მისული ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარი უფლებებისთვის გამოდის, დაცული უნდა იყოს:

“დიდი მადლობა მოწვევისათვის და იმისათვის რომ მაქვს შესაძლებლობა აქ ვიყო და შევუერთდე იმ ბრძოლას რომელსაც საქართველოში ლგბტქ+ თემი საკუთარი უფლებებისთვის დაცვისათვის დიდი ხანია ეწევა.

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა იყოს განსაზღვრული მათი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ადამიანთა უფლებებს. ღონისძიებაზე ყველა ადამიანი უნდა იყოს დაცული ვინც საკუთარი უფლებების დასაცავად გამოდის” – თქვა ბრიტანეთის ელჩმა პრაიდის კვირეულის გამართულ ღონისძიებაზე.

1-5 ივლისს „თბილისი პრაიდი“ პრაიდის კვირეულს მართავს. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, დღეს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში კინოჩვენებაა დაგეგმილი.

მისი განმარტებით შსს-ს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ღონისძიების დასაცავად უწყება ყველაფერს გააკეთებს. ღონისძიების ორგანიზატორები კინოჩვენების ადგილს არ ასაჯაროებდნენ, თუმცა ინფორმაციამ მაინც გაჟონა და ადგილზე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მივიდნენ.

კინოჩვენების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლოკაციაზე ჰომოფობიური ჯგუფები შეიკრიბნენ. პოლიციას ადგილზე რამდენიმე ჯებირი აქვს მოწყობილი და მათ აქციის მონაწილეებს შენობასთან არ უშვებს. ჰომოფობიური აქციის 11 მონაწილე, რომლებიც “თბილისი პრაიდის” ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი