ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი წარუდგინეს

5 ივლისი, 2019 • 1120
20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ 20 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი წარუდგინა. ამ საქმეზე უკვე ბრალდებულია ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია. 

ცოტნე სოსელია, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბუდაღაშვილი და ბესიკ თამლიანი პოლიციამ 4 ივლისს დააკავა, დღეს საღამოს კი ბრალი წარუდგინეს. 

როგორც თამლიანის ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს. 

“აბსურდული ბრალდებაა. ერთადერთი ატომური იარაღის გამოყენება არა აქვს წარდგენილი, სხვა ყველაფერია. ძალადობა, რბევა და ასე შემდეგ”. 

ადვოკატის თქმით, წარდგენილი ბრალდება აბსურდულია იმის გამოც, რომ თამლიანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული სწორედ იმისთვის, რისთვისაც ახლა სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან. 

“როცა აქციის მერე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მოსმართლემ ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, მაშინვე პოლიციაც და მოსამართლეც, თუკი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახეს, უნდა გადაეკვალიფიცირებინათ”, – ამბობს ადვოკატი ვახტანგ იაშვილი. 

დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი