სალომე სამადაშვილი, რომელმაც შარლ მიშელის მედიატორობით შექმნილ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობას პარტიები ხვალ დაიწყებენ და პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამონაწილეობით წარიმართება.
აღნიშნულის შესახებ სამადაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
რაც შეეხება ნიკა მელიას, რომელიც თავად ეწინააღმდეგება ამნისტიის კანონის საფუძველზე მის გათავისუფლებას, რადგანაც ხედავს რისკს, რომ ამნისტია შესაძლოა 20 ივნისს უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციელებსაც შეეხოთ, სამადაშვილი ამბობს, რომ მისი პოზიციების ესმის:
“ხვალ დაიწყება ამნისტიის კანონზე მუშაობა, მათ შორის არასამთავორბო ორგანიზაციების მონაწილეობით. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, რომელიც იქ ჩაიწერება. ჩვენი პოზიცია თქვენ იცით. ნიკას პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. მე საერთოდ არ მესმის, ადამიანი, რომელიც პატიმრობაშია, გვეტყვის, რომ მის გამო კომპრომისზე წავიდეთ. მე პრაგმატულ შეკითხვას ვსვამ, გვინდა ნიკა მელიას გათავისუფლება? კარგია ეს ყველაფერი და ისეა, როგორც ნიკას წარმოუდგენია, ან როგორც მე მინდოდა ყოფილიყო? – არა”, – ამბობს სალომე სამადაშვილი გადაცემაში “რეაქცია”.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.
ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია:
“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია