ახალი ამბებირეკლამა

მაია ცირამუა: ყოფილმა პატიმრებმა უნდა დაინახონ, რომ საზოგადოებაში დაბრუნება შეუძლიათ

4 ივლისი, 2019 • 1629
მაია ცირამუა: ყოფილმა პატიმრებმა უნდა დაინახონ, რომ საზოგადოებაში დაბრუნება შეუძლიათ

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი:

ყოფილი პატიმრების მიმართ სტიგმა არსებობდა და ახლაც არსებობს. ბოლო წლებში საზოგადოების ნაწილს აგრესია გაეზარდა. არ შეიძლება ეს ადამიანები „ჩამოვწეროთ“ იმის გამო, რომ დანაშაული ჩაიდინეს. 

ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ ინფორმაციას დანაშაულის ზრდის შესახებ და ჩემი დაკვირვებით, ხალხს აგრესია უჩნდება ვადამდე ადრე გათავისუფლებისა და ამნისტიის მიმართ, რადგან თვლიან, რომ ყოფილი პატიმრების გამო იზრდება დანაშაულის სტატისტიკა. კი, დანაშაული იმატებს, თუმცა ჩვენ ამის მიზეზები უნდა გავაანალიზოთ და ეს ინფორმაცია საზოგადოებას სწორად მივაწოდოთ. ამნისტია და ვადამდე გათავისუფლება ძალიან ჰუმანური აქტებია, მთელ მსოფლიოში გამოიყენება და ადამიანზე მხოლოდ პოზიტიურ გავლენას ახდენს.

ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს აქვთ. ეს არის დასაქმების პრობლემა. გარდა ამისა, პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უნდა მოამზადოს გათავისუფლებისთვის. ვიცი, რომ ასეთი პროგრამა არსებობს, მაგრამ ის უნდა იყოს ქმედითი. გარდა ამისა,  გათავისუფლების შემდეგ გარკვეულმა უწყებებმა უნდა იმუშაონ ამ ადამიანთან.

თუ სახელმწიფოს ექნება პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა ყოფილი პატიმრებისთვის, ისინი აუცილებლად დაინახავენ და დააფასებენ ამას. ყოფილი პატიმრები დაინახავენ, რომ ციხეში მოხვედრის მიუხედავად, გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში დაბრუნება, პატიოსნად შრომა და ცხოვრება შეუძლიათ. თუ ეს საზოგადოებასაც ეცოდინება, სტიგმა შემცირდება. 

დანაშაულის პრევენციის ცენტრი გათავისუფლების შემდეგ ეხმარება ადამიანებს, თუმცა ჩვენ არ ვიცით მათი რაოდენობა, არ ვიცით, რამდენად ქმედითია ეს ცენტრი და ა.შ. დღეს ადამიანებმა მხოლოდ ის იციან, რომ დანაშაული იზრდება და ამის მიზეზს ჰუმანურ აქტებში ხედავენ, რაც სწორი არ არის.  

ეს სერიოზული კვლევის საგანია, თუმცა, რაც დაკვირვებითაც ჩანს, ისაა, რომ დანაშაულის ზრდა უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს და უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს.”

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი