ახალი ამბები

ისტორიაში პირველად მეცნიერებმა ცხოველის გენომიდან HIV გააქრეს

3 ივლისი, 2019 • 1916
ისტორიაში პირველად მეცნიერებმა ცხოველის გენომიდან HIV გააქრეს

კვლევის მიხედვით, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში 2 ივლისს გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ინფიცირებული ცხოველის გენომიდან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) შესაძლო ელიმინაციის ახალ გზას მიაგნეს .

კვლევის ფარგლებში, რომელიც 29 თაგვზე ტარდებოდა, მეცნიერებმა მოდიფიცირებულ ანტირეტროვირუსულ მკურნალობასთან ერთად (ვირუსის აქტივობის დონის მაქსიმალურად შესამცირებლად), გენური მოდიფიცირების ტექნიკაც გამოიყენეს, რათა HIV გენები დაინფიცირებული უჯრედებიდან გაექროთ.

მოდიფიკაციის შედეგად, პრეპარატები კრისტალურ ფორმას გამოიმუშავებენ, რის შედეგადაც აღწევენ უჯრედის მემბრანაში, სადაც ვირუსი იმალება. მათ შორის, ღვიძლის უჯრედებში, ლიმფურ ქსოვილებსა და ელენთაში. შედეგად, უჯრედის ენზიმები წამლის გამოყოფას იწყებენ. კრისტალური სტრუქტურის წყალობით პრეპარატი უფრო ნელი ტემპით იწყებს მოქმედებას, რაც პრეპარატის მიღების დროს ვირუსის ჯერ კიდევ არააქტიურ ფორმებს გამოჩენისთანავე ანადგურებს.

მეორე ეტაპია გენების მოდიფიკაცია, რათა ვირუსი იმ უჯრდებიდანაც გამოედევნათ, რომელიც ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს გამორჩათ.

კვლევის ფარგლებში ჩატარებული ტესტირებების ფარგლებში დაავადებული ცხოველების 30 პროცენტში აივ/შიდსის კვალი ორგანიზმში აღარ იყო.

“წლების განმავლობაში ჩვენ მივიჩნევდით, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ინფექციური დაავადება იყო, მაგრამ როდესაც უჯრედებამდე აღწევს, ის ინფექციური დაავადება აღარაა და გენეტიკური დაავადება ხდება. იმისათვის, რომ დაავადება განვკურნოთ, გენეტიკური სტრატეგიაა საჭირო. გენების ცვლილება კი გვაძლევს შანსს ინფიცირებული ქრომოსომებიდან ვირუსული დნმ ისე განვდევნოთ, რომ მისი გენომი არ დავაზიანოთ” ,- ამბობს კვლევის ავტორი ქამელ ხადილი.

გაიგე მეტი აივ/შიდსზე - დააკლიკე

აივ ნიშნავს ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსს, შიდსი კი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა.  აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე, დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში).

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აივ/შიდსი დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის იმუნურ უჯრედებს და ასუსტებს მას. თუმცა, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ხელმისაწვდომია თანამედროვე პრეპარატები, რომლის წყალობითაც აივ/შიდსი უკვე წლებია, არ არის მომაკვდინებელი. ის მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად გადაიქცა. თუ ადამიანები დროულად იწყებენ მკურნალობას, ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს და ნულს უტოლდება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება და აივ-დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება არაინფიცირებულის ხანგრძლივობას.

მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია. აივ/შიდსით ინფიცირებულებს შეუძლიათ გააჩინონ სრულიად ჯანმრთელი შვილები, რომლებიც არ იქნებიან ვირუსის მატარებელი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა არის უსაფრთხო სექსი პრეზერვატივის გამოყენებით.

აივ/შიდსის ტესტირება და მკურნალობა საქართველოში უფასოა და მას სახელმწიფოსთან ერთად გლობალური ფონდიც აფინანსებს.

შეიძლება, წლები ისე გავიდეს, რომ აივ-მა ადამიანის ორგანიზმში უსიმპტომოდ დაჰყოს, სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დროულ ტესტირებას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას.

უფასო ტესტირებისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16 (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია). ტელ: (+995 32) 2 39 80 18

მასალების გადაბეჭდვის წესი