ახალი ამბები

აივისგან მეორე პაციენტი განიკურა

11 მარტი, 2020 • 4866
აივისგან მეორე პაციენტი განიკურა

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისგან (აივ), რომელიც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსი) იწვევს, მეორე ადამიანი განიკურნა. ამ ისტორიული მოვლენის შესახებ კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ  “ლანცეტში” გამოქვეყნდა.

აივისგან განკურნებული მეორე ადამიანი არის ადამ კასტელეხო, რომელიც ცნობილი იყო როგორც “ლონდონელი პაციენტი”. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ადამ კასტელეხო უკვე 30 თვეა არ იღებს აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებს და მიუხედავად ამისა, მისი ორგანიზმიდან ვირუსის კვალი მაინც გაქრა.

აღნიშნული შედეგი მნიშვნელოვანია, რადგან აივ-დადებითმა ადამიანებმა ორგანიზმში ვირუსის დონის შესამცირებლად დღესდღეობით ცნობილი სამკურნალო მედიკამენტები უნდა მიიღონ ყოველ დღე, გამონაკლისის გარეშე. სწორედ ამ წამლების რეგულარული მიღება უზრუნველყოფს იმას, რომ აივ-დადებითი ადამიანები, ფაქტობრივად, ჯანმრთელად ცხოვრობენ, ვირუსი მათ ორგანიზმში არ მრავლდება, ასევე, დაუცველი სექსის შემთხვევაში, პარტნიორის დაინფიცირების მხოლოდ თეორიული, 4%-იანი შანსი უზრუნველყოფს. მკურნალობის სწორედ ამ მეთოდის გამო აივ-დადებითი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას. თუმცა, თუ აივ-დადებით ადამიანი რეგულარულად არ მიიღებს, ან შეწყვეტს ამ მკურნალობას, ვირუსი იწყებს გამრავლებას და შესაბამისად, დაავადებაც პროგრესირებს, რაც შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს.

ადამ კასტელეხოს შედეგი კი განსაკუთრებული იმიტომ არის, რომ მას 30 თვეა არ მიუღია აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტები და მეცნიერებმა მისი ორგანიზმიდან აღებულ ვერც ერთი ქსოვილსა და ასევე სისხლში ვერ აღმოაჩინეს აივის კვალი. მეცნიერებმა სწორედ ამ მრავალჯერადი ანალიზისა და მიღებული პასუხის შედეგად დაასკვნეს, რომ “ლონდონელი პაციენტი”, იგივე ადამ კასტელეხო, აივისგან განიკურნა.

როგორ განიკურნა “ლონდონელი პაციენტი”?

კასტელეხოს სამკურნალოდ მეცნიერებს რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებიათ. უფრო მეტიც, მისთვის ჩატარებული პროცედურის მთავარი მიზანი არ ყოფილა აივისგან განკურნება. მას რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სწორედ ამ სიმსივნის სამკურნალოდ მას გადაუნერგეს დონორის ღეროვანი უჯრედები. როგორც აღმოჩნდა, მის დონორს აღმოაჩნდა აივის მიმართ რეზისტენტული გენი, რამაც, თავის მხრივ, კასტელეხოს ორგანიზმი დაიცვა აივისგან და მისი ორგანიზმიდან ვირუსი განდევნა.

მსგავსი მეთოდით აივისგან განკურნებული პირველი პაციენტი იყო ტიმოთი ბრაუნი, რომელიც 2011 წელს “ბერლინელი პაციენტის” სახელით გახდა ცნობილი.

წამყვანი მკვლევარი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი რავინდა კუმარ გუფტა BBC-სთან ინტერვიუში ამბობს:

“ჩვენი მიგნებები აჩვენებს, რომ შეგვიძლია გავიმეოროთ აივისგან განსაკურნებლად ღეროვანი უჯრედის გადანერგვის წარმატება, რაც წლების წინ უკვე დაფიქსირდა “ბერლინელ პაციენტში”.

თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს რადიკალური მეთოდი ვერ გამოდგება მსოფლიოში აივ/შიდსით ინფიცირებული მილიონობით ადამიანის სამკურნალოდ. ღეროვანი უჯრედის გადანერგვა ძვირადღირებული, ურთულესი ოპერაციაა და ის “ლონდონელი პაციენტის” შემთხვევაში გამოყენებული იყო სიმსივნის და არა აივ/შიდსის სამკურნალოდ.

რავინდა კუმარ გუფტა აღნიშნავს, რომ მსგავსი მეთოდით მკურნალობა შეიძლება მხოლოდ იმ პაციენტებს შესთავაზონ, რომლებსაც აივ/შიდსის პარალელურად აქვთ სიცოცხლისთვის საშიში ჰემატოლოგიური დაავადებები და მას არ გამოიყენებენ მათ სამკურნალოდ, ვისი ორგანიზმიც ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით რეგულარულ მკურნალობას ექვემდებარება.

თუმცა, მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტიანობის დადასტურება მნიშვნელოვანია სამომავლო სამეცნიერო საქმიანობისთვის, რომლის მიზანიც აივ/შიდსისგან საბოლოოდ განსაკურნებლად უფრო ხელმისაწვდომი მეთოდის შემუშავებაა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, “ლონდონელი პაციენტის” შედეგი მნიშვნელოვანია სამომავლოდ აივის სამკურნალოდ გენური თერაპიის დასახვეწადაც.

ადამიანთა უმრავლესობაში მსოფლიო მასშტაბით HIV-1 შტამია გავრცელებული. ვირუსის ეს შტამი ადამიანის უჯრედებში შესაღწევად (დასაინფიცირებლად) იყენებს CCR5 რეცეპტორებს (ეს არის სისხლის თეთრი უჯრედების ზედაპირზე არსებული პროტეინი).

ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფში CCR5 რეცეპტორების მუტაცია იმდაგვარია, რომ აივის უჯრედებში შეღწევას ბლოკავს. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები აივით ვერ დაინფიცირდებიან.

გენური თერაპია გულისხმობს მსგავსი მუტაციის არმქონე ადამიანებში CCR5 რეცეპტორებზე იმგვარ ზემოქმედებას, რომ მათ შეძლონ აივთან გამკლავება. თუმცა ეს სამომავლო პერსპექტივის ნაწილია.

როგორც BBC წერს, ჩინელი მეცნიერი ჰე ჯიანკუი გასულ წელს დააკავეს სწორედ იმიტომ, რომ მანდ ემბრიონებში უნებართვოდ მოახდინა CCR5 რეცეპტორების რედაქტირება, რათა აივის მიმართ რეზისტენტული (მდგრადი) ყოფილიყო. ჩინელი მეცნიერი სწორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც რედაქტირებული გენით სულ სამი ბავშვი დაიბადა. ამ ბავშვების შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მათ ჩინეთის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება.

გაიგეთ მეტი აივ/შიდსზე - დააკლიკეთ

აივ ნიშნავს ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსს, შიდსი კი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა.  აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე, დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში).

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აივ/შიდსი დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის იმუნურ უჯრედებს და ასუსტებს მას. თუმცა, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ხელმისაწვდომია თანამედროვე პრეპარატები, რომლის წყალობითაც აივ/შიდსი უკვე წლებია, არ არის მომაკვდინებელი. ის მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად გადაიქცა. თუ ადამიანები დროულად იწყებენ მკურნალობას, ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს და ნულს უტოლდება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება და აივ-დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება არაინფიცირებულის ხანგრძლივობას.

მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია. აივ/შიდსით ინფიცირებულებს შეუძლიათ გააჩინონ სრულიად ჯანმრთელი შვილები, რომლებიც არ იქნებიან ვირუსის მატარებელი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა არის უსაფრთხო სექსი პრეზერვატივის გამოყენებით.

აივ/შიდსის ტესტირება და მკურნალობა საქართველოში უფასოა და მას სახელმწიფოსთან ერთად გლობალური ფონდიც აფინანსებს.

შეიძლება, წლები ისე გავიდეს, რომ აივ-მა ადამიანის ორგანიზმში უსიმპტომოდ დაჰყოს, სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დროულ ტესტირებას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას.

უფასო ტესტირებისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16 (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია). ტელ: (+995 32) 2 39 80 18

მასალების გადაბეჭდვის წესი