ახალი ამბები

ინსპექტორის საგამოძიებო უფლებამოსილების მეოთხედ გადავადება საგანგაშოა – NGO-ები

3 ივლისი, 2019 • 907
ინსპექტორის საგამოძიებო უფლებამოსილების მეოთხედ გადავადება საგანგაშოა – NGO-ები

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმაურება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების კიდევ ერთხელ, მეოთხედ გადავადებას და საგანგაშოდ აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას.

როგორც კოალიციის განცხადებაში არის ნაათქვამი, გადავადების მიზეზია იმ ფინანსური სახსრების არარსებობა, რომელიც თითქმის 1 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ არ გახადა ხელმისაწვდომი სამსახურის ლოჯისტიკური და კადრებით უზრუნველყოფისთვის.

კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულად და ეფექტიანად ამოქმედების უპირობო აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ გახდა ნათელი 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებისას (დაკავებული იყო 305 ადამიანი) და დაკავების შემდგომ სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების ფონზე. გამოძიება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იმ მუხლით დაიწყო, რომელზეც ფინანსური სახსრების გამოყოფისა და დროულად ამოქმედების პირობებში გავრცელდებოდა  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება.

“სწორედ საზოგადოებაში არსებული უნდობლობისა და სამართალდამცავთა დაუსჯელობის გამო ითხოვს არასამთავრობო სექტორი წლების განმავლობაში მექანიზმის შექმნას. მხოლოდ ჩვენი შიდა სტატისტიკით, 2017-2019 წლებში 50-ზე მეტი არასათანადო შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისი მოთხოვნა გაიგზავნა პროკურატურაში, თუმცა ამ დრომდე არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა განაჩენი”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ამასთანავე, კოალიცია საზოგადოებას, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ ხარვეზებს, რომელიც, მისი აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოდელში არსებობს:

  • მოქმედი კანონი ინსპექტორის მანდატიდან სრულად გამორიცხავს გამოძიების კომპეტენციას ისეთ დანაშაულებზე, რომელიც შესაძლოა ჩადენილი იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ.
  • მოქმედი კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი დევნა კვლავ პროკურატურის უფლებამოსილებაა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოპერაციულ დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად ასუსტებს.
  • დანაშაულთა წრე, რომელსაც იძიებს სამსახური – აუცილებელია გაფართოვდეს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას დაქვემდებარებულ დანაშაულთა წრე და ამოღებულ იქნეს კანონპროქტიდან ის სპეციალური დათქმები, რომელთა გარეშეც საქმე ვერ მოექცევა ახალი უწყების საგამოძიებო ქვემდებარეობაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საქმის არასწორად კვალიფიკაციის ეჭვი, უპირატესი იურისდიქცია ავტომატურად ჰქონდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

საქართველოს პარლამენტმა “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონის სრულად ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2019 წლის პირველ ნოემბრამდე გადაავადა.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის კონკურსში თამარ ქალდანი არ მონაწილეობს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი