სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი თამარ ქალდანი მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე. მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებია:
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
- სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება (ეს ფუნქცია ჯერჯერობით არ ამუშავებულა)
სამსახურს ამ დრომდე თამარ ქალდანი ხელმძღვანელობს, რომელსაც უფლებამოსილება 3 ივლისს ეწურება. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი კი 7 წევრისგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ უნდა შეარჩიოს, რომელიც დაკომპლექტებულია პარლამენტის, მთავრობის და სასამართლოს, ასევე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან.
როგორს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე ვკითხულობთ, სახელმწიფო ინსპექტორად შესაძლებელია აირჩეს ნასამართლობის არმქონე, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციით გამორჩეული საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი იურიდიული განათლებითა და მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში, ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, რომელიც კომისიაში სახალხო დამცველმა წარადგინა, განაცხადების მიღება ამ თანამდებობაზე 26 მაისს დასრულდა. სალაძის თქმით, დარეგისტრირდა 40-ზე მეტი კანდიდატი, რომელთაგანაც მოკლე სია შედგება.
წარმოდგენილი სიიდან კი კომისია პრემიერს მინიმუმ 2, მაქსიმუმ კი 5 კანდიდატს წარუდგენს. სალაძის თქმით, კომისიის წევრები შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას მოაწყობენ, რის შემდეგაც მათი შეფასება მოხდება.