ახალი ამბები

რუსთაველზე აქცია “მოძალადის” სისხლისფრად შეღებვით დასრულდა

2 ივლისი, 2019 • 980
რუსთაველზე აქცია “მოძალადის” სისხლისფრად შეღებვით დასრულდა

თბილისში, რუსთაველზე, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქცია 2 ივლისს პერფორმანსით დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა სისხლისფრად შეღებეს სპეციალურად მიტანილი უსახო სკულპტურა, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს.

პერფორმანსის ავტორი, გიორგი ყოლბაიაა, რომელიც ამბობს, რომ “სკულპტურა დღევანდელი ძალადობრივი ხელისუფლების სიმბოლოა, ხოლო წითელი საღებავი 20 ივნისის დარბევის დროს მოქალაქეების დაღვრილი სისხლია.”

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 3 ივლისს, კვლავ 19 საათზე გაგრძელდება.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, დროთა განმავლობაში შეიცვლება აქციის ფორმატი, თუმცა იქნება პერმამენტული – აქციები არ შეწყდება და გარკვეული პერიოდულობით გაიმართება “თავისუფლების მარშებიც”.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი