ახალი ამბები

თუ ემუქრება საფრთხე, პოლიციელს არ სჭირდება გადარეკვა და ნებართვა მინისტრისგან – თალაკვაძე

2 ივლისი, 2019 • 974
თუ ემუქრება საფრთხე, პოლიციელს არ სჭირდება გადარეკვა და ნებართვა მინისტრისგან – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ “პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია” რამდენჯერმე აარიდა თავი კითხვას, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება 20 ივნისის ღამეს.

არჩილ თალაკვაძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლებამ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა არაფერი უთქვამს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნაზე. ამ მოთხოვნით აქციები რუსთაველის გამზირზე უკვე მე-13 დღეა მიმდინარეობს.

ინგა გრიგოლიამ არაერთხელ დაუსვა თალაკვაძეს კითხვა, ვინ გასცა ბრძანება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს:

“ბრძანების თემა რომ ამოვწუროთ: მეც ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და თქვენი შვილიც [მარიამ გრიგოლია] მუშაობდა. ჩემი კოლეგა იყო და შეგიძლიათ მასაც ჰკითხოთ- როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს ხდება უსაფრთხოების ზომების მიღება, ეს ყველაფერი ბრძანებით წინასწარ არის გაწერილი, თუ რა დანაყოფები რა საპოლიციო მოქმედებებს გამოიყენებენ. ეს წინასწარ არის გაწერილი. ეს ერთი.

ახლა მეორე: როდესაც ადგილზე არის საუბარი ოპერატიულ მართვაზე, იქ, რეალურად, პოლიციელებს აქვთ წინასწარ შემუშავებული სცენარი, რომ თუ მათზე მოხდება თავდასხმა, თუ მათ დაემუქრებათ პირდაპირი საფრთხე, რაც იქ ჩანდა და ყველა დავრწმუნდით, პოლიციელებს დაემუქრათ პირდაპირი საფრთხე, ისინი ვალდებულნი არიან იმოქმედონ და ამას ზოგ შემთხვევაში ბრძანების მიცემაც არ სჭირდება”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ინგა გრიგოლიამ თალაკვაძეს ჰკითხა, უშვებდა თუ არა იმ აზრს, რომ შესაძლოა, პოლიციელებმა დამოუკიდებლად, ბრძანების გარეშე გადაწყვიტეს აქციის დარბევა, რაზეც თალაკვაძე პასუხობს:

“როდესაც პოლიციელს უახლოვდება ადამიანი, სხვა სტანდარტულ სიტუაციაში და, ვთქვათ, ხელში უჭირავს დანა, პისტოლეტი ან რაღაც ნივთი, რომელიც პირდაპირ საფრთხეზე მიანიშნებს, პოლიციელი იქ მოქმედებს პირდაპირ. ეს ასე არის ყველა დასავლურ სახელმწიფოში, მას არ სჭირდება გადარეკვა მინისტრთან, ეს ადამიანი მემუქრება და ვიმოქმედო თუ არა”.

ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება? – ამ კითხვას ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის დარბევის მომენტიდან არ სცემენ პასუხს. თავად შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიასაც ჟურნალისტებმა არაერთხელ ჰკითხეს, ბრძანება გასცა თუ არა პირადად მან. გახარიამ ამ კითხვას პირდაპირი პასუხი არც ერთხელ არ გასცა და შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განცხადებით, რომ 20-21 ივნისს პოლიციელების ქმედებებზე პასუხისმგებელია ის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი