“ვფიქრობ, ის დარჩენილი დრო, რაც ჩვენ გვაქვს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მართლმსაჯულების ხელმძღვანელის შესარჩევად, არის ძალიან ცოტა. მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, დავსხდეთ კონსულტაციების მაგიდასთან, პრეზიდენტმა და მთავრობამ პარლამენტს შევთავაზოთ ის კანდიდატურა, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება. მე მჯერა, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო, არც პარლამენტი, არც მთავრობა და არც სახელმწიფოს მეთაური საქართველოს პრეზიდენტი, არ გახდიან ამ თემას განხეთქილების ვაშლად, რადგან ეს იქნება ძალიან დასანანი და საზიანო ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის”, – განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
თეა წულუკიანის განცახდებით, მისთვის სამწუხარო იქნება, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ჩააგდებს: “ეს ჩემთვის იქნება ძალიან სამწუხარო, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმოკლეს ვადებში დავსხდებით კონსულტაციების მაგიდასთან და ერთმანეთისთვის მისაღებ კანდიდატურაზე ჩამოვყალიბდებით”.
დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსია იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გახსნა.








