ახალი ამბები

შსს-მ ბათუმში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

27 დეკემბერი, 2014 •
შსს-მ ბათუმში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს  ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, რომელიც არ ასრულდებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

 

უმცროსი ინსპექტორი მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ის პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრები ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი