საშობაო ლიტურგია 24 დეკემბერს, ღამის 12-ის ნახევარზე დაიწყო და დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. წირვის დაწყებისას ეკლესიაში მხოლოდ დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებოდა. წირვის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ ეკლესიაში თბილისის მერი დავით ნარმანია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მივიდნენ.
ტრადიციისამებრ, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცა. ნარმანიამ, სუბარმა, ზაქარეიშვილმა და ვაშაყმაძემ ეკლესია წირვის დასრულებამდე დატოვეს. წირვას ასევე ესწრებოდა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ცოლი ლელა კილაძე. თანამდებობაზე ყოფნის დროს გიგი უგულავა 25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესიაში აღნიშნავდა.
შობასთან დაკავშირებით მილოცვის ტექსტი გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც:
“დღეს ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი შობის დიდი დღესასწაულია. ყოველი შობა უკეთესი მომავლის იმედი და რწმენაა.ვუსურვებ ყველას, არ მოჰკლებოდეთ სიკეთე, სიყვარული, მშვიდობა და კეთილდღეობა”,- ნათქვამია ღარიბაშვილის მილოცვაში.









