სხდომას მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილია მეორემ იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და, განსაკუთრებით, საქართველო:
“დიდი ყურადღება მიექცა საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებს. მათ შორის: მწოლიარე, უპატრინოდ დარჩენილი ავადმყოფების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მდგომარეობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ეპარქიებში შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს, თუმცა გაცილებით მეტია გასაკეთებელი. მოისმინეს ინფორმაცია მცხეთა-თბილისის ეპარქიაში განხორციელებული სოციალური დახმარებების შესახებ”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოდის სხდომის ოქმს “ნეტგაზეთი” გთავაზობთ:
შემდგომი საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის ყველა ეპარქიაში შეიქმნას საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს მოძღვარი და საერო პირებთან ერთად შეიმუშავებული იქნება ახალი სოციალური პროექტები.
წმინდა სინოდმა იმსჯელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ეს მხარეები ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც აღიარებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და, მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოც, თუმცა დიდად სამწუხაროა, რომ დღემდე არ გვეძლევა საშუალება აქ სრულყოფილი მღვდელმსახურების განხორციელებისა, რაც არის ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა.
აღნიშნული ტერიტორიები განუყოფელი ნაწილია ჩვენი ქვეყნისა და ღია ჭრილობები საქართველოსი, რომელთაც დროებით ვერ აკონტროლებს ჩვენი ხელისუფლება.
ფრიად სამწუხაროა და არაკანონიერი ამ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის მიერ ბოლო დროს დადებული ე.წ. ხელშეკრულებები.
იმედი გამოითქვა, რომ ღვთის მოწყალებით და საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის ასი ათასობით დევნილის მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუბებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას.
არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელწიფოს მხრიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას.
ეს თანხა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნილებებს, ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებას და სოციალურ პროექტებს;
ასევე შეიქმნა კომისია, რომელიც იმუშავებს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გამოყოფილ თანხებს.
კომისიის შემადგენლობა:
1. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
2. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);
3. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია);
4. რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);
5. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი);
სინოდმა განიხილა ტაძრებისა და საეკლესიო ქონების რეგისტრაციის საკითხი. ამ თემაზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე);
ხონისა და სამტრედის მიტროპოლიტი საბა(გიგიბერია);
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი);
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე);
მოისმიინეს მსოფლიო პატრიარქის, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოს ბართლომეოს I წერილი საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების შესახებ.
საკითხის შესასწავლად შეიქმნა კომისია:
1.დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია);
2.ცურტაველი მიპროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი);
3.ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
4.ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
5.გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
6.დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული);
7.გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი);
8.ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);
9.ჩრდილო-ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)
მღვდელმთავრებს დაევალათ, საზღვარგარეთ არსებულ მათ ეპარქიებში გაეცნონ მომქმედ საერო კანონებსა და საეკლესიო პრაქტიკას და წარმოადგინონ ინფორმაცია.
სინოდმა მოისმინა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას მოხსენება 2014წლის სექტემბერში შამბეზში გამართული მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ.
დაიგეგმა, მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “ქრისტინები და მუსლიმები მშვიდობისათვის.”
23 დეკემბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდს უნდა ემსჯელა არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის შესახებ, რომელიც სინოდმა 3 ივნისს გამართულ სხდომაზე მღვდელმთავრად 3 სასულიერო პირთან ერთად აირჩია, თუმცა მათგან განსხვავებით მთავარეპისკოპოსად არ უკურთხებია. მიტროპოლიტის ზოსიმეს ცნობით, ამ საკითხის განხილვა გადაიდო.
