ახალი ამბებიკომენტარი

რუსი ტურისტები და პროვოკაციის საფრთხე – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

28 ივნისი, 2019 • 4142
რუსი ტურისტები და პროვოკაციის საფრთხე – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

8 ივლისს ძალაში უნდა შევიდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთიდან საქართველოში საჰაერო გადაყვანები – ეს იყო კრემლის პასუხი საქართველოს მოქალაქეების პროტესტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის ყოფნას მოჰყვა. რუსული საინფორმაციო საშუალებები აქტიურად აშუქებენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და საუბრობენ საქართველოში არსებულ რუსოფობიულ განწყობაზე. არსებობს თუ არა პროვოკაციის საფრთხე? – ნეტგაზეთი ამ თემაზე ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა.

  • შექმნილ ვითარებაში, როცა საქართველოში რჩება ათასობით რუსი ტურისტი, რა ტიპის პროვოკაციის საფრთხეები არსებობს?  

რუსეთში არის სრული ისტერია, თქვენ ნახეთ იგივე გავრილოვის გამოსვლა, რომ ამბობს, მოკვლას მიპირებდნენო და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, ეს ისტერია კიდევ გაგრძელდეს და ჩარევაც მოითხოვონ საქართველოს საქმეებშიც. არ არის გამორიცხული, მაგალითად, თავდასხმა მოხდეს ტურისტებზე. შეიძლება კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაზეც კი ვიფიქროთ, რადგანაც, მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეები არაფრად  უღირს და მათ ყოველთვის გამოიყენებს ნებისმიერი პროვოკაციისათვის. ამ ტურისტებს შორის რამდენი შეიძლება იყოს აგენტი და პროვოკატორი, ეს კიდევ მეორე საკითხია. ეს გასათვალისწინებელია და მე მგონია, რომ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის. ამას არანაირი დაყვავება, ტკბილი სიტყვები, რომ არ არის საქართველო საშიში, არ უშველის, ძალიან სერიოზული მიხედვა და დიდი ყურადღება სჭირდება.

  • როგორ შეიძლება მსგავსი პროვოკაციისგან თავის დაცვა? რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ?

იგივე პოლიცია უფრო მომზადებული უნდა იყოს, ვთქვათ, აკვირდებოდნენ რუს ტურისტებს. რასაკვირველია, უაღრესად რთული იქნება ყველას გაკონტროლება, მაგრამ რაღაცნაირად მაინც შეიძლება, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან, მათი აღრიცხვა, რომ ვიცოდეთ, ვინ არიან, სად არიან და ა.შ. ამაზე ძალიან სერიოზულადაა საფიქრალი.

საქართველოს ტურიზმმა აირჩია ძალიან ადვილი გზა [როგორც თავის დროზე ქართველმა მეღვინეებმა], როდესაც უფრო ადვილი ბაზარი აიღეს, დიდი რიცხვებით ჟონგლირებას ეწეოდნენ და ამბობდნენ – „აი, ხედავთ, როგორ იზრდება საქართველოში ტურიზმი“. მეც და ბევრი ადამიანი წლებია ვამბობთ, რომ რუსეთთან ასეთი, ვითომდა დათბობის პოლიტიკა, რაც გამოიხატება იმაში, რომ რუსეთთან ისევ ვაჭრობა დავიწყოთ, რუსეთიდან ისევ გაზი მივიღოთ, რაც შეიძლება მეტი რუსი ტურისტი ჩამოვიდეს – ეს არის საქართველოს უშიშროებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ რუსეთი ნებისმიერ ეკონომიკურ ბერკეტს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს, გამოიყენებს, როგორც კი დასჭირდება. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რუსეთის არანაირი გავლენა იყოს საქართველოში.

ტურიზმი, ღვინო თუ მწვანილი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც, მაგალითად, ის, რომ რუსეთის და რუსული სახელმწიფო კომპანიებიც  თითქმის ყველაფერს ყიდულობენ საქართველოში. ამას ძალიან სერიოზული პრობლემების წარმოშობა შეუძლია და ჩვენ ახლა დავინახავთ, კიდევ რას აპირებს რუსეთი, როგორ გამოიყენებს ამას იმისათვის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს ქვეყანაში, ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში, თუნდაც იმავე აჭარაში, სადაც ძალიან დამოკიდებული გახდა აჭარის ეკონომიკა სწორედ რუს ტურისტებზე და ეს არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის.

[blue_box]ამავე თემაზე: ბოლო წლებში უცხოელების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 53% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის[/blue_box]

მე ვფიქრობ, რომ მასობრივი ტურიზმი აზიანებს საქართველოს. ეს არის არა გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკა, არამედ – მყისიერ შედეგებზე გათვლილი. მაგრამ რას მოგვიტანს ეს ერთი წლის შემდეგ, ორი წლის შემდეგ –  არის ძალიან სერიოზული საკითხი. განსაკუთრებით საშიშია ნებისმიერი ბმა, მათ შორის ტურისტულიც, რუსეთზე და ახლა ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ და მივხდეთ, რომ ეს არ შეიძლება. არანაირად არ უნდა გვიხაროდეს, რომ მილიონობით ტურისტი ჩამოდის რუსეთიდან, იმიტომ, რომ როგორც კი დასჭირდებათ, მათ გამოიყენებენ ჩვენსავე წინააღმდეგ, როგორც ახლა ხდება,  იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკის დესტაბილიზაცია მოხდეს და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ პოლიტიკური სისტემის.

დარწმუნებული ვარ, არის წესიერი რუსი ტურისტიც და არიან პროვოკატორებიც, მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი. ამ შემთხვევაში ის წესიერი რუსებიც, რომლებიც შეიძლება მართლაც კეთილგანწყობილნი იყვნენ საქართველოსადმი, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ იყვნენ პუტინის მიმართ კეთილგანწყობილნი და არ ხედავდნენ, რომ რუსეთი არის მსოფლიოს გადამრჩენელი ქვეყანა და ყველა მას ებრძვის, აი, ეს ტურისტები განსაკუთრებით შესაძლებელია დღეს იყვნენ საშიშროების ქვეშ და მათ წინააღმდეგ მოხდეს გარკვეული პროვოკაციები. ამიტომაც ამას ძალიან სერიოზული ყურადღება სჭირდება, რაც თავისთავად, ცხადია, ძალიან ძნელია. თუ შემცირდება რუსი ტურისტების შემოსვლა საქართველოში, მით უკეთესი საქართველოსათვის, განსაკუთრებით კი ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით.

მე დიდი ხანია ვამბობ, რომ არათანასწორი დამოკიდებულება გვაქვს რუსეთთან. არ არის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ჩვენ არა გვაქვს იქ წასვლის საშუალება, ხოლო რუს ტურისტებს ასე უვიზოდ ვუშვებთ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ უნდა შემოვიღოთ ვიზები, უფრო მეტად გავაკონტროლოთ რუსეთის მოქალაქეების აქ შემოსვლა, რაც შეიძლება შევამციროთ რუსული ტურიზმი და ვეცადოთ უფრო რთულ ბაზრებზე გასვლას, ისე როგორც, მაგალითად, მეტ-ნაკლებად მოახერხა თუნდაც იგივე ქართულმა ღვინომ. თუ გვახსოვს, მაშინაც იყო დიდი ტირილი, რა გვეშველება, თუ რუსები არ დალევენ ტონობით ღვინოს, მაგრამ ჩვენ შევძელით ბევრად უკეთესი, უფრო ხარისხიანი ღვინოები გვეწარმოებინა და გავსულიყავით სხვა ბაზრებზე. ვფიქრობ, საქართველოს ტურიზმსაც აქვს შანსი, რომ უკეთესი ხარისხის ტურიზმი შეიქმნას საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია ევროპიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან ახალგაზრდა ადამიანები ჩამოვიდნენ, რომლებიც შეიძლება ბევრ ფულს არ ტოვებდნენ საქართველოში, მაგრამ შემდგომში ეს ადამიანები შექმნიან საქართველოს გარკვეულ ახალ სურათს უცხოეთში.

[blue_box]ამავე თემაზე: რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ[/blue_box]

თუნდაც, როდესაც რუსი ტურისტები შემოვლენ, ამაზე არის ხოლმე საუბარი, მათ საინფორმაციო ფურცელი მაინც მივცეთ, სადაც ისინი გაეცნობიან, თუ რეალურად როგორი დამოკიდებულება შეიძლება იყოს რუსეთისადმი. ეს ჩვენ გარკეულწილად მოგვცემს  საშუალებას, რუსულ პროპაგანდას, რომელიც დღედაღამ მიმდინარეობს რუსეთში, და განსაკუთრებით მძაფრად ახლა, საქართველოს წინააღმდეგ, წინ აღვუდგეთ და თუნდაც ასიდან ერთ რუს ტურისტში მოვახერხოთ ოდნავ ახალი ხედვის დანერგვა, რომ ყველაფერი, რასაც რუსული პროპაგანდის საშუალებით  იღებს, ისე არ არის.

  • რუსული მედიის ისტერია რაზე მეტყველებს? ვინ არის სამიზნე, მხოლოდ რუსეთის მოსახლეობა, თუ სხვა სარჩული შეიძლება დავინახოთ ამის უკან?

რუსეთში ეს ისტერია მუდმივად არის, უკრაინასთან დაკავშირებითაც. თავისთავად ცხადია და გარკვეულწილად ეს ხელს უწყობს არსებული ძალაუფლების კიდევ უფრო გამყარებას რუსეთში. მეორე მხრივ – ზეწოლა საქართველოზე, იმიტომ, რომ ახლა ძალიან დიდი ღიმილით არის საუბარი, რუს ტურისტებს როგორ ეხვეწება საქართველო, ოღონდაც ჩამოდით და გადაგვარჩინეთ, რადგანაც ეს პატარა, არშემდგარი [ეს იყო რუსების მარადიული იდეა, ყოველ შემთხვევაში, 2003 წლამდე] სახელმწიფო, ღარიბი, ღატაკი და სრულიად რუსეთზეა დამოკიდებული. ახლაც უნდათ ასეთი სურათი მიაწოდონ რუს მომხმარებლებს. მართლაც ბევრი თვლის, რომ საქართველო დაიღუპება რუსეთის გარეშე, რადგან ისევ ჩვენ თვითონ შევქმენით ასეთი დამოკიდებულება რუსეთისადმი, თუნდაც ტურიზმის დარგში. დღეს ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოდის და ეს გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, დააზიანებს ქართულ ეკონომიკას წელს, მაგრამ თუ კარგად შევხვდებით ამას, ერთი ან ორი წლის შემდეგ ეს პრობლემა, ამდენი რუსი ტურისტი რომ არ შემოვიდეს საქართველოში და სხვა ქვეყნებიდან შემოვიდნენ ტურისტები, დაძლეული იქნება. ამას სჭირდება სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო ხედვა და ეს ხედვა ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ეს ხედვა სახელმწიფოს მხრიდან არის ძალიან მოკლე ვადაზე გათვლილი ყოველთვის და არა გრძელვადიან პერსპექტივაზე – რა არის ქვეყნისათვის უკეთესი და რა არის ტურიზმისათვის უკეთესი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი