რუსეთი, რომელთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ, ისევ აქებს “ქართული ოცნების” მთავრობას და ურთიერთობის “ნორმალიზებაზე” საუბრობენ.
16 დეკემბერს, რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ კალუგინმა.
“მოსკოვი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით, იმ პირობით, რომ ის არ გახდება „ხურდა“ რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში”, აცხადებს კალუგინი. მისი თქმით, „თბილისი ავლენს ჯანსაღ პრაგმატიზმს და მრავალვექტორულობას საგარეო საქმეებში”.
“რია ნოვოსტის” ცნობით, კალუგინმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ საქართველო არ შეუერთდა ანტირუსული სანქციების კოალიციას:
„ამის წყალობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ ეკონომიკაში. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომლებსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს”.
საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა რუსეთში “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ პოლიტიკას სულ აუფრო ხშირად იწონებენ და სიტუაციის ნორმალიზებაზე საუბრობენ.
ამასთან, “ოცნების” მთავრობამ რუსეთის მსგავსად მიიღო რეპრესიული კანონები მედიის, გამოხატვის თავისუფლების და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაზღუდად. დააპატიმრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები.







