საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი მხარდამჭერები კონტრაქციის მოწყობას გეგმავენ, და ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო არაა და საზოგადოების პოლარიზებასთან ბრძოლას შეუშლის ხელს:
“კონტრაქციის შესახებ თქვენგან პირველად მესმის. მსგავსი ღინისძიებები დღეს საერთოდ არ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მე თითოეულ ადამიანს მინდა ადამიანური მადლობა ვუთხრა, მინდა ვთხოვო, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ყველა ერთად, მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოთ პოლარიზებას საზოგადოებაში, მსგავსი აქციები მხოლოდ და მხოლოდ გვიშლის ხელს.
მინდა გულწრფელად ვთხოვო მათ და დავარწმუნო, რომ მსგავსი აქციები არ არის საჭირო. ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ ვიპოვით გზა და ყოველთვის გვექნება საშუალება ვისაუბროთ იმ ენაზე, რომ ერთმანეთს არა აქციებით ველაპარაკოთ, არამედ კონსტრუქციულ დიალოგში გადავიყვანოთ ჩვენი საუბარი. მინდა ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მსგავს ღონისძიებას აანონსებს, გადაიფიქრონ, არ არის ეს საჭირო” ,- ამბობს შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
უკვე მეცხრე დღეა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი აქციები იმართება. აქცია დაგეგმილია დღესაც, 19:00 საათზე.