ახალი ამბები

როგორ აღნიშნავენ მინისტრები ახალ წელს

25 დეკემბერი, 2014 • 1711
როგორ აღნიშნავენ მინისტრები ახალ წელს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ აპირებს ახალ წელს რიყეზე, ღია ცის ქვეშ შეხვდეს, სადაც საახალწლო კონცერტი გაიმართება.

 

“ცხადია, შევხვდები რიყეზე, ღია ცის ქვეშ, სადაც კონცერტი იქნება და საკუთარ თვალით ვნახავ, როგორ მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი იქნება და ძალაინ საინტერესო,”– გვითხრა მიხეილ გიორგაძემ.

 

ახალ წელს ოჯახის ახალ წევრთან ერთად შეხვდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

 

“განსაკუთრებული ის იქნება წლევანდელ წელს, რომ ერთ ახალ წევრთან ერთად ვხვდები – შვილი შემეძინა ცოტა ხნის წინ,”– განაცხადა მან.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ახალ წელს ოჯახში, ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კი გვითხრა, რომ ახალ წელს ხვდება “ჩვეულებრივად, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე”.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ სად შეხვდება ახალ წელს: “ჩემი სურვილია, რომ სადმე ბავშვებთან ერთად შევხვდე და ჯერ არ გადაგვიწყვეტია სად.”

 

“ახალ წელს აქამდე სულ საფრანგეთში ვხვდებოდი, ამიტომ ვცდილობ, რომ ამ ახალ წელს ქართული ტრადიცია შევიქმნა,”– ასე უპასუხა მინისტრმა ნეტგაზეთის შეკითხვას, აქვს თუ არა რაიმე საახალწლო ტრადიცია.

 

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდება, რომელიც ერთი თვეა არ უნახავს.

 

“მთავარია ის, რომ ჩემი ოჯახი ჩამოდის, რომელიც უკვე ერთი თვეა არ მინახავს, ჯერჯერობით ისევ ათენში არიან და ველოდები, რომ დამიბრუნდებიან, უფრო სწორად, მე მივემგზავრები შაბათს და მათთან ერთად დავბრუნდები. ის, რომ 1 თვის შემდეგ დიდ ოჯახს, სამ შვილს შევხვდები, ძალიან მახარებს,“ – განაცხადა მან.

 

დავით ბაქრაძის თქმით, 2015 წელს საქართველოში, ქართული ტრადიციებით შეხვდება:

 

“ყოველ ახალ წელს, ჩემი დიპლომატიური კარიერის გათვალისწინებით, ხან სად ვხვდებოდით, ხან – სად. შესაბამისად, ჩვენს ოჯახში, ასე ვთქვათ, არსებულ პირობებზე ადაპტაცია ძალიან ჩვეულებრივი რამე გახდა: თუ ფინეთში ვიყავით – ფინურად, საბერძნეთში – ბერძნულად და ასე შემდეგ. შესაბამისად, ქართულად, ტრადიციულად შევხვდებით ახალ წელს.

 

როდესაც ახალი წელია, ყველა რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს. ჩვენთვის ის, რომ ქართულად, ტრადიციულად შევხვდებით, ეს უკვე განსაკუთრებული იქნება, იმიტომ, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში 10 წელი უცხოეთში მაქვს გატარებული,“– განაცხადა მან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ახალ წელს ოჯახთან ერთად ხვდება, შემდეგ კი სამსახურებრივ მოვალეობას უბრუნდება.

“ჩვეულებრივად, სახლში ვხვდები ყოველთვის, ჩემს ოჯახთან ერთად. შეიძლება ზოგჯერ მე და ჩემი ძმის ოჯახი შევხვდეთ ერთად. თუმცა, როგორც წესი, ამ შეხვედრის შემდეგ, რაც საჯარო სამსახურში ვარ, ყოველთვის მიწევს სადღაც წასვლა. სავარაუდოდ, სადმე წავალ ისევ სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მიმართულებით. ოჯახში მეკვლე გვყავს ყოველთვის, ისევე, როგორც მეც ვარ მეკვლე ერთ–ერთი ახლობლის,“– თქვა სოზარ სუბარმა.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის თქმით, ახალ წელს 12 საათზე ოჯახში ხვდება, შემდეგ კი – მეგობრებისა და ახლობლების ოჯახებს სტუმრობს.

“რა თქმა უნდა, პირველი და მთავარი ჩემთვის ოჯახთან ერთად ახალი წლის შეხვედრაა. სამწუხაროდ, პირველი წელია, რომელსაც ჩემს უფროს შვილთან ერთად ვერ ვხვდები: უცხოეთში იმყოფება, იქ მოღვაწეობს.

 

ყველა ერთად ვიკრიბებით, მე დიდი სიამოვნებით კერძების მომზადებაშიც ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ დასვენების ერთ–ერთი საშუალებაც არის,“– თქვა მან.

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რომელ კერძს მოამზადებს საახალწლოდ, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ თევზის კერძების მომზადებას აპირებს.

 

“წელს ალბათ მომიწევს, რადგანაც მარხული ვარ, თევზის კერძების მომზადება და აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ გემრიელი გამომივა და სხვასაც მოეწონება,”– თქვა ლევან ყიფიანმა.


შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ არ ისურვა ჩვენთან საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ და რა გარემოში აღნიშნავს ის ახალ წელს.

 

მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი