ახალი ამბები

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებას მხარი დაუჭირა

26 ივნისი, 2019 • 1938
პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ამ თხოვნით კოლეგებს თავად მიმართა.

კანონის თანახმად, დეპუტატს იმუნიტეტი იცავს და მისი დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში გენერალურ პროკურორს აქვს და ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან, თუმცა მელიას შემთხვევაში პარლამენტმა, როგორც საკომიტეტო, ისე პლენარული სხდომის ფარგლებში, ერთი დღის განმავლობაში განიხილა საკითხი. რეგლამენტის თანახმად, დაპატიმრებაზე პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში დეპუტატს პარლამენტის დადგენილებით უჩერდება უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პატიმრობის ვადა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში ჩაეთვლება და კომპენსაცია მიეცემა.

გუშინ, 25 ივნისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოიტანა ბრალდების დადგენილება და ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღებისთის პარლამენტს მიმართა.

ამავე თემაზე:

ნიკა მელიას ბრალს წარუდგენენ, პროკურატურა მის დაკავებას აპირებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი