ახალი ამბები

სასამართლომ ნიკა მელიას გირაო შეუფარდა

27 ივნისი, 2019 • 1172
სასამართლომ ნიკა მელიას გირაო შეუფარდა

მოსამართლე თემურ გოგოხიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე და მას 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

გირაოს შეფარდებას პატიმრობის ნაცვლად ითხოვდა ნიკა მელიას ადვოკატი. მელიას თავდებში უდგებოდა დეპუტატების ნაწილი.

სხდომის დაწყებამდე მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა და მისი დაკავება “დათესავდა ქარს, რომელიც ქარიშხალს გამოიწვევს”.

გუშინ, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი