ახალი ამბები

ბახტაძემ გახარიას გადაყენებაზე პროტესტის მე-9 დღეს არაფერი თქვა

28 ივნისი, 2019 • 1254
ბახტაძემ გახარიას გადაყენებაზე პროტესტის მე-9 დღეს არაფერი თქვა

დღეს, 28 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მორიგი ბრიფინგი გამართა, სადაც კვლავ დაიცვა შინაგან საქმეთა მინისტრი 20 ივნისს ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და მხარდაჭერა გამოუცხადა მას. პრემიერმა კვლავ არ ისაუბრა გიორგი გახარიას გადაყენების საკითხზე.

მამუკა ბახტაძე ირწმუნება, თითქოს “ყველა საერთაშორისო და კვლაფიციურმა ორგანიზაციამ” დაასკვნა, რომ 20 ივნისს ლეგიტიმური ძალა გამოიყენა შსს-მ და ამაზე არ არსებობს კითხვის ნიშნები, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ორგანიზაციებს გულისხმობდა.

ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს კითხვები, იყო თუ არა ლეგიტიმური ძალის გამოყენება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ არ ყოფილა არალეგიტიმური ძალა გამოყენებული. რა თქმა უნდა, საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს, გვაქვს კითხვის ნიშნები, ხომ არ მოხვდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება, რადგან ამის კადრებიც არსებობს. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. გამოძიება გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის ნაწილი და ის ხალხი, რომელმაც მოახდინა პროვოცირება დაპირისპირების თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, დღეს ამტკიცებენ სრულად საწინააღმდეგოს. არცერთ საერთაშორისო და კომპეტენტურ ორგანიზაციას არ აქვს კითხვის ნიშნები არაპროპორციულ ძალის გამოყენებაზე. ჩვენ სრულად ვართ კონცენტრირებული ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების მკურნალობაზე. ვზრუნავთ იმაზე, რომ დროულად მოვიშუშოთ ეს იარები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის განცხადებით, გიორგი გახარაის პრეტენზიას უყენებენ იმ საკითხზე, რომელიც მოითხოვს დამატებით შესწავლას:

ლეგიტიმური ძალის გამოყენებაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. რაც შეეხება კონკრეტული თანამშრომლების შემთხვევებს, ეს უნდა გამოიძიონ და მივიღებთ კონკრეტულ გდწყვეტილებას”.

მამუკა ბახტძის მტკიცებით, პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე გამოძიების პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე, რომელშიც სახალხო დამცველიც ჩაერთვება და დაიცავს დაშავებულთა ინტერესებს.

20 ივნისის ქრონოლოგია – მოკლედ:

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი