ახალი ამბები

ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება — ციხელაშვილი

28 ივნისი, 2019 • 774
ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება — ციხელაშვილი

„ყველა სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას“, — განაცხადა 28 ივნისს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. იგი გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეეზღუდათ გადაადგილება ენგურის ხიდზე.

ციხელაშილის თანახმად, გადაადგილების შეზღუდვით პრობლემები ყველაზე მეტად გალელ ახალგაზრდებს ექმნებათ, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ. სახელმწიფო მინისტრი ამბობს: „ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე“.

„ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ამ უკანონო შეზღუდვით ყველაზე მეტად ზარალდებიან“, — განაცხადა ციხელაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად 27 ივნისიდანვე აქვს კომუნიკაცია „ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით“.

სოხუმმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შეზღუდა. აფხაზეთის უშიშროების დე ფაქტო უწყებამ თბილისში მიმდინარე აქციები „პროვოკაციულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ის „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება”.

თბილისში 20 ივნისს დაწყებული აქციების შემდეგ აფხაზმა ჩინოვნიკებმა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოუწოდეს, აქციების დასრულებამდე ენგურის ხიდი ჩაკეტონ. იქამდე კი თავად რაულ ხაჯიმბამ მოუწოდა ქართულ მხარეს, აქციების დროს არ ახსენონ სიტყვათშეთანხმება „აფხაზეთის ოკუპაცია“.

ფართომასშტაბიანი პროტესტი თბილისში 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი