ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის რეჟიმის შეზღუდვებს 7 თვეში 13 სიცოცხლე ემსხვერპლა – ციხელაშვილი

15 აპრილი, 2020 • 1897
ცხინვალის რეჟიმის შეზღუდვებს 7 თვეში 13 სიცოცხლე ემსხვერპლა – ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აკრიტიკებს ცხინვალის რეჟიმის გადაწყვეტილებას, რომლითაც ახალგროში მცხოვრებ პაციენტებს თბილისში წამოსვლის უფლებას არ აძლევენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ახალგორში მცხოვრებ პაციენტებს თბილისში წამოსვლის უფლებას უკვე რამდენიმე თვეა, არ აძლევენ. მათ შორისაა 70-მდე წლის კაცი ახალგორის სოფელ იკოთიდან, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ცხინვალში დაუსვეს და სამკურნალოდ თბილისში წამოსვლა თავად ექიმებმა ურჩიეს.

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ცხინვალში არსებულმა ვითარებამ უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა: „ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა იმის გამო, რომ რეგიონი არის იზოლირებული უკვე თვეების განმავლობაში“.

მისი თქმით, 2019 წლის 4 სექტემბრიდან (ახალგორში გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვიდან) დღემდე „რეჟიმის ამგვარ მიდგომებს 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“. მისი თქმით, ამგვარი მიდგომები „ჰუმანურობის არცერთ პრინციპში არ ჯდება“, „სრულიად უკანონოა“ და არის „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებების უხეში შელახვა“.

„იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია, ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და უნდა, საუბედუროდ, აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის ფაქტობრივად გაგრძელება, აი, ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადსხვა ფორმა“, – აცხადებს ციხელაშვილი.

„დღესაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შესაძლებლობას, პლატფორმას, ეთერს თუ სამუშაო ფორმატს ვიყენებ და ვიყენებთ ყველა ჩვენგანი და შესაბამისი უწყებები იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ პოზიცია და ასევე მოვუწოდოთ ყველა დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებთ, რომ ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომელთაც, აი, ახლა მიმდინარე რეჟიმში კრიტიკულად ესაჭიროებათ დახმარება და დრო მათთვის უდრის სიცოცხლეს, მიეცეთ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების“, – განაცხადა მან.


ოსური მხარის, კონკრეტულად კი, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ახალგორში მცხოვრებ პაციენტებს თბილისში წამოსვლის უფლებას ისევ არ აძლევენ.

მათ შორისაა 70-მდე წლის კაცი ახალგორის სოფელ იკოთიდან, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ცხინვალში დაუსვეს და სამკურნალოდ თბილისში წამოსვლა თავად ექიმებმა ურჩიეს.

როგორც პაციენტის შვილი, წეროვანში მცხოვრები გოჩა ბუნტური ნეტგაზეთთან  საუბარში ამბობს, უკვე ყველა ზომას მიმართეს, მათ შორის, ადგილობრივ, დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, თუმცა, უშედეგოდ –  გვეუბნებიან, რომ შეუძლებელია, რადგან არსებობს აკრძალვა და ვერავინ დაარღვევს”.

მეორე მძიმე პაციენტი ქალი, პენსიონერი ნაირა ჩერქეზიშვილი ამჟამად ახალგორის კლინიკაში გულის მწვავე დაავადებით წევს. ქალს გულზე სასწრაფო ქირურგიული ჩარევა სჭირდება, თუმცა, ცხინვალის აკრძალვის გამო, ასევე ვერ ახერხებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისის მიღებას.

თავად ახალგორის კლინიკაში, სამედიცინო სერვისებისა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის არარსებობის გამო, პაციენტები ვერ იღებენ ადეკვატურ მომსახურებას. გუშინ ახალგორში დაკრძალეს 65 წლის კაცი, რომელმაც ბოლო კვირის განმავლობაში დაბალი წნევის გამო რამდენჯერმე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მოგვიანებით კაცმა საავადმყოფოს თავად მიაკითხა, თუმცა კვალიფიციური დახმარება არ აღმოუჩინეს და ის კლინიკაშივე გარდაიცვალა.

“ახალგორში მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხანგრძლივი დროით ჩაკეტვამ რაიონი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დააყენა. გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მიუხედავად, ადამიანებმა ვერ შეძლეს ახალგორის დატოვება, რაც რამდენიმე შემთხვევაში ფატალური შედეგებით დამთავრდა”, – ვკითხულობთ უფლებადამცველი ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

ცხინვალმა, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის პირადი განკარგულებით, ახალგორელებისთვის თბილისში გადმოსასვლელი გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში მას შემდეგ ჩაკეტა, რაც ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონასთან ახლოს, სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგო გახსნა. ბიბილოვი ღიად აცხადებს, რომ გამშვები პუნქტი მანამდე იქნება ჩაკეტილი, სანამ თბილისი პოლიციის შენობას არ აიღებს. შესაბამისად, ახალგორელები დღეს დე ფაქტო პრეზიდენტის პირად მძევლებად რჩებიან.

2019 წლის დეკემბერში გზის დაკეტვას ახალგორელი პენსიონერი ქალი, მარგო მარტიაშვილიც ემსხვერპლა. მარტიაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა, იქამდე ცხინვალის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში ვეღარ გადმოიყვანეს.

ცხინვალი ახალგორელ მძიმე პაციენტებს თბილისში არ უშვებს

ახალგორელთა ნელი სიკვდილი ბიბილოვის ავტორიტეტის გადასარჩენად

მასალების გადაბეჭდვის წესი