ქუცნაშვილს კულტურული მემკვიდრეობის შენობაზე რემონტი დროებით შეუჩერეს

თბილისში, ტურგენევის 4 ნომერში, შენობაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შენობის რეაბილიტაციას ზაქარია ქუცნაშვილი ახორციელებს. მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილებით, ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება, იქ სამუშაოების გაგრძელების უფლება შეჩერებულია. 

ტურგენევის 4 ნომერში მიმდინარე სამუშაობზე  ინფორმაცია გუშინ “ტფილისის ჰამქარმა” გაავრცელა. მათი წარმომადგენლის, ცირა ელისაშვილის განცხადებით, მერიასთან პროექტი შეთანხმებული არ იყო, თუმცა უკვე პენოპლასტით მუშავდებოდა ფასადი. ასევე, მოხსნილი იყო გარკვეული ავთენტური დეტალები. ცირა ელისაშვილის ცნობით, სამუშაოები უკანონო იყო.

ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ შენობაში მიმდინარეობს ფასადის რეაბილიტაცია. მისი თქმით, დაზიანებული და უვარგისი ფასადი ერთი-ერთში იქნება აღდგენილი, ამ ყველაფერს კი პირადი სახსრებით ახორციელებს.

შენობა- ნაგებობები (სხვენი, სარდაფი, ბინა) ტურგენევის ქუჩის 2 და 4 ნომერში ზაქარია ქუცნაშვილმა 2018 წელს 271 ათას აშშ დოლარად იპოთეკური სესხით შეიძინა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იყო თუ არა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ფასადზე სამუშაოების ჩასატარებლად მერიის ნებართვა, ყოფილმა დეპუტატმა გვიპასუხა:  „იურიდიულ ნიუანსებზე ვერ მოგახსენებთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთი-ერთში მიმდინარეობს სამუშაოები, ანუ არაფერი არ იცვლება.“

რაც შეეხება ავთენტური დეტალის ჩამოხნას, ქუცნაშვილის თქმით, ეს აუცილებელი გახდა, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი დაზიანებული იყო მრავალი წლის განმავლობაში, ზოგიერთი კი- ნახევრად ჩამოშლილი.

„აუცილებელი გახდა მისი დემონტაჟი, რათა თავიდან მოხდეს მისი ჩამოსხმა. ახლა მიმდინარეობს დამზადება-ჩამოსხმის პროცესი”, – უთხრა ქუცნაშვილმა ნეტგაზეთს.

 

ქუცნაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის შენობას ფასადი მოანგრია – ფაქტს ინსპექცია სწავლობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თემო მელიქიშვილი