ახალი ამბები

ქუცნაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის შენობას ფასადი მოანგრია – ფაქტს ინსპექცია სწავლობს

27 ივნისი, 2019 • 2512
ქუცნაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის შენობას ფასადი მოანგრია – ფაქტს ინსპექცია სწავლობს

თბილისში, ტურგენევის 4 ნომერში, შენობაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ზაქარია ქუცნაშვილი უნებართვოდ ახორციელებს სამუშაოებს. აღნიშნული შენობა სწორედ მას ეკუთვნის. ნაგებობა ტურისტულად აქტიურ ზონაში, განახლებულ აღმაშენებლთან მდებარეობს. ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

ინფორმაციას “ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი ავრცელებს.

„არ არის შეთანხმებული პროექტი, არ არსებობს მშენებლობის ნებართვა, მან [ზაქარია ქუცნაშვილმა] თქვა, რომ ეს არის შეთანხმების პროცესში, მაგრამ იქ დგას ხარაჩო, სამუშაოები მიმდინარეობს. სრულიად მოხსნილია ავთენტური დეტალები და პენოპლასტით მიდის ფასადის რესტავრაცია“, – უთხრა ნეტგაზეთს ელისაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ შენობაში მიმდინარეობს ფასადის რეაბილიტაცია. მისი თქმით, დაზიანებული და უვარგისი ფასადი ერთი-ერთში იქნება აღდგენილი, ამ ყველაფერს კი პირადი სახსრებით ახორციელებს. 

შენობა- ნაგებობები (სხვენი, სარდაფი, ბინა) ტურგენევის ქუჩის 2 და 4 ნომერში ზაქარია ქუცნაშვილმა 2018 წელს 271 ათას აშშ დოლარად იპოთეკური სესხით შეიძინა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იყო თუ არა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ფასადზე სამუშაოების ჩასატარებლად მერიის ნებართვა, ყოფილმა დეპუტატმა გვიპასუხა:  „იურიდიულ ნიუანსებზე ვერ მოგახსენებთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთი-ერთში მიმდინარეობს სამუშაოები, ანუ არაფერი არ იცვლება.“ 

რაც შეეხება ავთენტური დეტალის ჩამოხნას, ქუცნაშვილის თქმით, ეს აუცილებელი გახდა, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი დაზიანებული იყო მრავალი წლის განმავლობაში, ზოგიერთი კი- ნახევრად ჩამოშლილი.

„აუცილებელი გახდა მისი დემონტაჟი, რათა თავიდან მოხდეს მისი ჩამოსხმა. ახლა მიმდინარეობს დამზადება-ჩამოსხმის პროცესი”, – უთხრა ქუცნაშვილმა ნეტგაზეთს. 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მერიის პრესსამსახურსაც. მათი ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და დეტალურად არკვევენ სიტუაციას. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი