ახალი ამბები

დემონსტრაციაზე წართმეული თვალები და ბეწვზე გადარჩენილი მხედველობა

28 ივნისი, 2019 • 2723
დემონსტრაციაზე წართმეული თვალები და ბეწვზე გადარჩენილი მხედველობა

20 ივნისის აქციის დარბევისას 2-მა სამოქალაქო პირმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, თვალი დაუზიანდა სულ მცირე 8 ადამიანს, რომელთაგან ერთის შესახებ ჯერაც არ იციან, რამდენად აღუდგება მხედველობა. შსს-ს ცნობით, სულ მცირე, მხედველობა დაუზიანდა ერთ პოლიციელს.

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთმა კლინიკებთან გაარკვია — იმ კლინიკებთან, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, 20 ივნისის ღამით დაშავებულები მკურნალობდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოგვაწოდა დაჯამებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ, საერთო ჯამში, რამდენ პაციენტს დასჭირდა ოფთალმოლოგიური ჩარევა (ვერც ნეიროქირურგიული ოპერაციების შესახებ).

მაკო გომური

18 წლის მაკო (მაია) გომური 20 ივნისს სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. იმის გამო, რომ მეტრო არ მუშაობდა, თავისუფლების მოედანზე უნდა გასულიყო ტაქსის გასაჩერებლად. გზად აქციაზე გაიარა. ზუსტად ამ დროს დაიწყო სპეცრაზმმა დემონსტრანტების დაშლა.

მაკო გომური. ფოტოს ავტორი: მაკა ინიაშვილი (ფოტო აღებულია მაკო გომურის ფეისბუკიდან)

მაკოს პოლიციელის გასროლილი რეზინის ტყვია მარცხენა თვალში მოხვდა. კლინიკაში იმ მდგომარეობაში მიიყვანეს, რომ თვალის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. მან თვალი დაკარგა.

მაკო გომური თბილისის კლინიკაში მკურნალობის შემდეგ საზღვარგარეთ გაემგაზვრა. ფოტო: მისი ფეისბუკის გვერდიდან

თბილისში მკურნალობის შემდეგ, 26 ივნისს საზღვარგარეთ წავიდა სამკურნალოდ, სავარაუდოდ, იმპლანტის ჩასასმელად.

თვალი დაკარგა გიორგი სულაშვილმაც. ის ტელეკომპანია რუსთავი2-ის დაცვის თანამშრომელია. მასაც ტყვია მოხვდა თვალში.

გიორგი სულაშვილი. სქრინშოთი რუსთავი2-ის ვიდეოდან

სახის ძვლები ჩამსხვრეული აქვს. ყბა-სახის რთული ოპერაციის შემდეგ იგი კვლავ კლინიკაში რჩება.

დემეტრე ნაყოფია

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღუდგება მხედველობა 24 წლის მსახიობს, დემეტრე ნაყოფიას, თუმცა მისი საქმე უკეთესობისკენ მიდის.

დემეტრეს წარბის ძვალი ჰქონდა ჩამსხვრეული. დემეტრეს დასჭირდა როგორც ნეიროქირურგიული, ასევე, ოფთალმოლოგიური ჩარევა(ანუ თავის ტვინზეც გაუკეთეს ოპერაცია და თვალზეც).

დემეტრეს თვალი შეუნარჩუნეს, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია მხედველობის საკითხი. იმედის მომცემი ნიშანი კი არის: როგორც გვეუბნება მისი მეგობარი, რომელიც საავადმყოფოში აკითხავს ხოლმე, დემეტრე ამბობს, რომ სინათლის სხივს ხედავს.

იგი ამ დრომდე რჩება ევექსის „რეგიონულ ჰოსპიტალში“ (თუმცა თავიდან ალადაშვილის კლინიკაში იყო, სადაც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ოფთალმოლოგიური კი- ევექსში). იგი 27 ივნისს უკვე პალატაში იყო გადაყვანილი. კლინიკის დირექტორმა 26 ივნისს გვითხრა, რომ რამდენიმე დღეში მისი გაწერა იგეგმება.

შვიდი პაციენტი, რომელიც დაინახავს

ევექსის რეგიონულ კლინიკაში კიდევ ერთ პაციენტს ჩაუტარდა ოფთალმოლოგიური ოპერაცია. მას თვალი და მხედველობა არ დაუკარგავს და უკვე გაწერილია საავადმყოფოდან.

ამას გარდა, კიდევ ექვსი პაციენტი მკურნალობდა თვალის დაზიანებას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“. როგორც საავადმყოფოში გვითხრეს, ორი პაციენტის (მაკო გომურიც და გიორგი სულაშვილის) გარდა, არცერთ შემთხვევაში პაციენტებს არც თვალი და არც მხედველობა არ დაუკარგავს და ექვსივე „ჩვეულებრივად დაინახავს“.

დაშავებული პოლიციელი 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნეტგაზეთს აცნობეს, 20 ივნისს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ქვა ესროლა და თვალი დაუზიანა პოლიციელს, გია ჯალაღონიას.

მისი მეუღლის, თამუნა ქობალიას, ცნობით, ჯალაღონიას „თვალი დაუზიანდა და მხედველობა თითქმის დაკარგა“.

შსს-ს ცნობითვე, მას საქართველოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა საზღვარგარეთ მისი გაშვება აუცილებელი გახდა. მინისტრი გიორგი გახარიას ბრძანებით, ის სტამბოლის საავადმყოფოში გაამგზავრეს.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.


მთავარი ფოტო:   EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი