სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდა

საქართველოს პარლამენტმა “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონის სრულად ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად პირველ ნოემბრამდე გადაავადა.

პარლამენტმა დაჩაქარებული წესით განიხლა და 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორი საგამოძიებო უფლებამოსილების შესრულებას პირველი ნოემბრიდან შეძლებს. ამასთან, კანონპროექტის ავტორი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, მეორე მოსმენაზე ეს ვადა კიდევ დაკორექტირდეს და 2020 წლის იანვრამდე გადაიწიოს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საჭიროა საგამოძიებო დანაყოფისთვის გამოყოფილი შენობის რემონტი, მისი აღჭურვა და კადრების შერჩევა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2-2.5 მლნ ლარი გამოიყოფა, მეორე ეტაპი კი სამსახურში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებისთვის საჭირო თანხის გამოყოფას შეეხება, რომელზეც დაზუსტებული ინფორმაცია სამინისტროს სექტემბრის დასაწყისში მიეწოდება.

მანამდე სახალხო დამცველმა პარლამენტს მიმართა, არ გადაავადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება.

სამართალდამცველების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას სახალხო დამცველი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.

2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონი, რომლითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სწორედ აღნიშნული სამსახურის უფლებამოსილების სფეროში მოექცა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონი თავდაპირველად ითვალისწინებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, -როგორიცაა წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სხვა,- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა პარლამენტმა ეს ვადა 6 თვით გადასწია.

ინსპექტორის აპარატი ამ ფუნქციების განსახორციელებლად 2019 წლის პირველი ივლისიდანაც არ აღმოჩნდა მზად, ვინაიდან მთავრობას საჭირო ფინანსური რესურსი არ გამოუყვია.

ამ თემაზე:

სახელმწიფო ინსპექტორი საგამოძიებო ფუნქციას, სავარაუდოდ, ვერც ივლისიდან შეასრულებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.