ახალი ამბები

დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას – ბახტაძე

27 ივნისი, 2019 • 604
დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას – ბახტაძე

პრემიერი მამუკა ბახტაძე, რომლის გამოსვლაც პარლამენტში უნდა მოესმინათ, ამბობს, რომ დღეს, 27 ივნისს, გეგმავს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრას.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე საუბარი სამთავრობო პროგრამებზე შეუსაბამოა. შესაბამისად, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენა გადაიდო.

“ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით. მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ – ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან.

შესაბამისად, მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს.

ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს“,- წერია განცხადებაში.

ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო


რა მოხდა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას, რაც 26 ივნისის მდგომარეობით შესრულებულია (ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობას ვადა შეუმცირეს, ნაწილი კი ხელწერილით გამოუშვეს).

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტის სხდომას ბოიკოტის მიზეზით არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი