ახალი ამბები

ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო

27 ივნისი, 2019 • 807
ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო

დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარმდგარიყო, თუმცა მისი მოსმენა გადაიდო.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ამის მიზეზად დაასახელა  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.

“ყველასათვის ცხადია, არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება. ჩვენი სურვილია, რომ ოპოზიციამაც მშვიდ, სამუშაო რეჟიმში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, მთავრობასა და პარლამენტს შორის გაიმართება კონსულტაციების მოხსენებისთვის ახალი თარიღის შესარჩევად. ის შეიძლება გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ იმსჯელებენ, თუ რა ფორმატში მოუსმენენ პარლამენტში მინისტრებს ბოლოდროინდელ მოვლენებთნ დაკავშირებით. მისივე განმარტებით, მსგავსი დებატების გამართვა მნიშვნელოვანია.


რა მოხდა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა  მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას, რაც 26 ივნისის მდგომარეობით შესრულებულია (ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობას ვადა შეუმცირეს, ნაწილი კი ხელწერილით გამოუშვეს).

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტის სხდომას ბოიკოტის მიზეზით არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი