ახალი ამბები

ჟურნალისტის თქმით, “ოცნების” დეპუტატის ცეკვის ვიდეოს გამო სცემეს

26 ივნისი, 2019 • 1898
ჟურნალისტის თქმით, “ოცნების” დეპუტატის ცეკვის ვიდეოს გამო სცემეს

გაზეთ „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი გიორგი საკარული აცხადებს, რომ მისი თანამშრომლის  მიერ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ცეკვის გადაღებისა და ვიდეოს  გავრცელების გამო სცემეს. მისი განცხადებით, შემთხვევა თბილისში, რესტორან „ალაგში“, 25 ივნისის ღამით მოხდა. რესტორნაში აღნიშნულს უარყოფენ.

საკარული “ნეტგაზეთს” უყვება, რომ რესტორნის გახსნის ცერემონიაზე თავის თანამშრომელთან, ჟურნალისტ ლევან ქემოკლიძესთან ერთად,  მიწვევით იმყოფებოდა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ლევან ქემოკლიძემ იქვე მყოფი მმართველი პარტიის დეპუტატის, ცოტნე ზურაბიანის ცეკვის ვიდეო გადაიღო და კადრები სოციალურ ქსელში აიტვირთა.

“მე და ჩემი თანამშრომელი ლევან ქემოკლიძე, ისევე როგორც სხვა ჟურნალისტები, მომღერლები, მსახიობები, ვიყავით რესტორნის გახსნაზე, პრეზენტაციაზე. ჩვენც ვიყავით დაპატიჟებულები, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი საღამო იყო, ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენც ვიცეკვეთ, ვინმემ რომ არ თქვას, რომ ცეკვას დანაშაულად მივიჩნევთ. მაგრამ ჩემმა თანამშრომელმა, ლვან ქემოკლიძემ, უბრალოდ, გადაიღო ცოტნე ზურაბიანის ცეკვა, ვიდეო კი სამსახურის ჩატში ჩააგდო.

შემდეგ ელისო კილაძემ ეს ვიდეო დადო. შემდეგ დაიშალა სიტუაცია, ჩვეულებრივად. მერე ვგებულობ, რომ ამას მოჰყვა ძალიან დიდი ამბავი”, – აცხადებს ის.

გიორგი საკარულის თქმით, რესტორანთან ახლოს მდებარე ბარში იმყოფებოდა, როცა მასთან რესტორან “ალაგის” მეპატრონე მივიდა, ვიდეოს გავრცელებით გამოწვეული უკმაყოფილების შესახებ ამცნო და “სალაპარაკოდ” გაყოლა სთხოვა. ამის შემდეგ, ჟურნალისტის თქმით, დაემუქრნენ და ფიზიკურად შეურაცხყვეს.

“ამის შემდეგ იქვე, ახლომდებარე ბარში დავყავი მეგობრებთან ერთად. გარეთ რომ ვიდექით, რესტორნის მეპატრონე მოვიდა, რომ ასეთი და ასეთი ამბავი არისო. მე მართლა არ ვიცოდი, [რა ხდებოდა] იმიტომ, რომ ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა. რა ვიდეო დაიდო, რა მოხდა, არ ვიცოდი. მეპატრონე მეუბნება, რომ წამოდი, ქვემოთ ჩავიდეთ, ვილაპარაკოთო. „სალაპარაკოდ“ ჩასულს, იქ დამხვდა სხვა სურათი: ადამიანი, რომელიც ერევე აგრესიაზე გადმოვიდა.

სანამ ფიზიკურ შეურაცხყოფას დაიწყებდა, მომთხოვა ჩემი მობილური. ასევე მომთხოვა, რომ მეჩვენებინა ყველა ფოტო და ვიდეო, რომელიც მობილურში მქონდა. მითხრა, სასწარაფოდ წამაკითხე შენი და ლევანის[ქემოკლიძის] მიმოწერებიო. მარტო ვიყავი და, ფაქტობრივად, ალყაში ვყავდი მოქცეული კაცებს, ქალებს… როცა დარწმუნდნენ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ვიდეო, წამოდგა ეს ადამიანი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, და ჩამარტყა მუშტი. ამას მოჰყვა გინების კორიანტელი და [მუქარა]: 40 წუთში არ წაიშლება ვიდეო, ცემა ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება [რაც კი შეიძლება, დაგემართოსო], ძალიან სერიოზული პრობლემები შეგექმნებათო. ლევან ქემოკლიძეს მოიყვანთ აქ და ჩვენ ვაჩვენებთ მაგასო…” – ჰყვება გიორგი საკარული “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ოთახიდან გამოყვანის შემდეგ, კიბეზე ასვლისას, იგივე პირმა მუშტი კიდევ ორჯერ, თავის არეში ჩაარტყა. ჟურნალისტი ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული. ამბობს, რომ მას ტვინის შერყევა აქვს.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

“ალაგში” გიორგი საკარულის მონათხრობს უარყოფენ და გამორიცხავენ, რომ რესტორანში რაიმე სახის ინციდენტს ჰქონდა ადგილი. რესტორნის მენეჯერს, ვახტანგ ებრალიძეს, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, არც შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ აქვს ინფორმაცია. მისივე თქმით, ზემოაღნიშნული ღონისძიება არა რესტორნის პრეზენტაცია, არამედ რესტორნის მეპატრონის შვილის დაბადების დღის აღსანიშნავი სუფრა იყო.

“ყველაფერი წყნარად ჩატარდა გუშინ, არავისთვის მომხდარა ხელის დარტყმა და არაფერი. ბავშვის დაბადების დღე ჰქონდა დამფუძნებელს და მშვენივრად ჩატარდა სუფრა”, – აღნიშნავს მენეჯერი და დასძენს, რომ რესტორანში იმყოფებოდა 25 ივნისის დილიდან მის დაკეტვამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი