ახალი ამბები

მელიას წინააღმდეგ მოწმეებად სუს-ის აგენტები არიან – გოცირიძე

26 ივნისი, 2019 • 771
მელიას წინააღმდეგ მოწმეებად სუს-ის აგენტები არიან – გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, ნიკა მელიას დასაკავებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. მისი თქმით, პროკურატურა მელიას ბრალს მხოლოდ მოწმეებზე დაყრდნობით სდებს.

როგორც გოცირიძემ პარლამენტში მედიას უთხრა, ნიკა მელიას წინააღმდეგ მოწმეებად “ქართული ოცნების” აქტივისტები გამოჰყავთ:

„მოწმეების უმრავლესობა, გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ არიან პროვოკატორები, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ აქციაში. სოციალურ ქსელში არის სურათები პოლიციელებთან ერთად გაღებული. მოწმეები, რომლებიც არიან აქ, არიან სუსის აგენტები… ეს ადამიანები მანამდე აქებდნენ გახარიას, აქებდნენ პროკურატურას.“

რომან გოცირიძე პროკურატურას ცრუ მოწმეების გამოყენებასა და საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ვენესუელაშიც კი, სადაც ოფიციალური დიქტატურაა, პარტიის ლიდერი არ დაუკავებიათ, ხოლო თუ საქართველოში დააკავებენ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ეს ქვეყნის იმიჯს შეარყევს.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ უკვე მიმართა პარლამენტს ნიკა მელიას დაპატიმრებაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. ამ თანხმობის მიღების შემდეგ კი უწყება სასამართლოს მიმართავს, რომელიც დეპუტატის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი