ახალი ამბები

პროკურატურამ დადგენილება ბრალდების შესახებ მელიას ადვოკატს გააცნო

26 ივნისი, 2019 •
პროკურატურამ დადგენილება ბრალდების შესახებ მელიას ადვოკატს გააცნო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება დეპუტატ ნიკა მელიას ნაცვლად მის ადვოკატ გიორგი კონდახაშვილს გააცნეს.

“საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე   მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დღეს, 10:00 საათზე, ბრალდების წარდგენის მიზნით დაბარებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი  ნიკანორ მელია.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც დადგენილება,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს”, – აცხადებს მთავარი პროკურატურა.

უწყების ცნობით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ პროკურატურამ ბრალდების დადგენილება 2019 წლის 25 ივნისს გამოიტანა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდებულს ან/და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებები გადაეცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში – ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად,  გენერალურმა პროკურატურამ  უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად კანონით გათვალისწინებული თანხმობის მიღების წინადადებით.

პარლამენტში ორი კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებშიც [11:50] ხმაურით მიმდინარეობს სხდომა, სადაც პროკურატურის მოთხოვნას განიხილავენ.

ნიკა მელიას ბრალს წარუდგენენ, პროკურატურა მის დაკავებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი