ახალი ამბები

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მელიას დაპატიმრებას მხარი დაუჭირეს

26 ივნისი, 2019 • 1144
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მელიას დაპატიმრებას მხარი დაუჭირეს

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურატურის მოთხოვნას და უწყებას მისცეს უფლება, დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პროკურატურის მოთხოვნას. იურიდიულ კომიტეტში კი მხარი დაუჭირეს 9 ხმით 3-ის წინააღმდეგ.

საკითხს დღესვე უყრიან კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები სწორედ პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშრებით პარლამენტს 25 ივნისს მიმართა. ამ საკითხის განხილვას გუშინვე მოჰყვა ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.“ევროპული საქართველოს” წევრებმა, სერგი კაპანაძემ და სერგო რატიანმა, ასევე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოიტანა ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ამის შემდეგ კი პარლამენტს აცნობა დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

დეპუტატის დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უჩერდება პარლამენტის უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით.

ნიკა მელიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.

ნიკა მელიას ბრალს წარუდგენენ, პროკურატურა მის დაკავებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი