ახალი ამბები

სააპელაციო: 20 ივნისის ღამეს დაკავებული 55 პირი დარბაზიდან გათავისუფლდა

25 ივნისი, 2019 • 1089
სააპელაციო: 20 ივნისის ღამეს დაკავებული 55 პირი დარბაზიდან გათავისუფლდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 20-21 ივნისს აქციაზე 61 დაკავებულის სააპელაციო საჩივარი იქნა წარმოდგენილი.

სააპელაციოს განცხადებით, რიგ შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა შეამცირა განსაზღვრული სახდელი, ზოგ შემთხვევაში შეწყვიტა საქმის წარმოება, ზოგ შემთხვევაში კი დაუშვებლად ცნო და განუხილველი დატოვა სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციოს განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 55 პირი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ერთი პირი კი, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით შეუმცირდა ადმინისტრაციული სახდელი, დღეს გათავისუფლდება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

“პოლიციამ სახეში ჩამარტყა დაკავებისას” – დაკავებულთა ისტორიები სასამართლოდან

9-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი