ახალი ამბები

9-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას სცემეს

21 ივნისი, 2019 • 2438
9-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას სცემეს

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს, აქციაზე დაკავებისას სცემეს, სასამართლომ 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მისმა თანამშრომელმა, დავით ჯიშკარიანმა განუცხადა, რომელიც პროცესზე იმყოფებოდა.

ირაკლი ხვადაგიანი მანამდე ამბობდა რომ მას ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. ის ასევე აცხადებდა, რომ დაკავების მომენტში სცემეს.

„აქციის დარბევის დროს დამაკავეს. აქციის დაშლის დროს, დაკავების მომენტში გვცემეს. ყველას, ვინც მოგვიყვანეს აქ, 200-ზე მეტი ადამიანის მოჰყავთ ეტაპობრივად, მუხლი არის ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა,“ – გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა საქალაქო სასამართლოდან.

სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მისი ძმასთან, დავით ხვადაგიანთან დაკავშირებით, რომელიც ასევე დააკავეს.


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

ფოტო ირაკლი ხვადაგიანის ფეისბუქგვერდიდან 

მასალების გადაბეჭდვის წესი