ახალი ამბები

“პოლიციამ სახეში ჩამარტყა დაკავებისას” – დაკავებულთა ისტორიები სასამართლოდან

24 ივნისი, 2019 •
“პოლიციამ სახეში ჩამარტყა დაკავებისას” – დაკავებულთა ისტორიები სასამართლოდან

დღეს, 24 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში  20 ივნისის დარბევის ღამეს დაკავებულების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ნეტგაზეთი დაესწრო რამდენიმე მათგანის პროცესს, რომლებმაც სასამართლოს მათი დაკავების გარემოებების შესახებ მოუყვნენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველა მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლოში რამდნეიმე მათგანი საუბრობს იმაზე, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოქალაქე რევაზ ავდალოვი ამბობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე საერთოდ არ ყოფილა, თუმცა მაინც დააკავეს გრიბოედოვის ქუჩაზე. ავდალოვის ადვოკატის თქმით, აქციის მონაწილეები წამოვიდნენ მისი მიმართულებით და პოლიციამ ამის გამო დააკავა. პოლიციელები ამბობენ, რომ იგი მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

მოქალაქე დავით ტყებუჩავა ამბობს, რომ პროფესიით ადვოკატია. ის ამტკიცებს, რომ დაკავებისას პოლიციელებმა სცემეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ვარ ადვოკატი, ვცდილობ მივიღო მონაწილეობა ყველა ისეთ მოვლენაში, რომელიც გავლენას აზდენს ქვეყნის ზოგად განვითარებაზე უფლებებების დაცვის მხრივ. ჩემი მონაწილეობა, როგორც ერთი რიგითი ქართველისა, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების კულტურის განვითარებისთვის ქვეყანაში. ბევრ აქციაში მიმიღია მონაწილეობა: ბოლო, რაც შემიძლია გითხრათ, შვილმოკლული მამების აქცია იყო, სადაც ხელისუფლება მართლსაწინააღმდეგოდ ზღუდავდა მათ გამოხატვის თავსიუფლებას და ხელს უშლიდა კარვების დადგმაში.

რაც შეეხება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და აქციაში ჩემს მონაწილეობას. ჩემი აქციაზე მისვლა გამოიწვია 20 ივნისს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, გავრილოვის პარლამენტში ყოფნამ. ეს იყო  შეურაცხმყოფელი როგორც ჩემთვის ,ასევე, საზოგადoებისთვის.

დაახლოებით 23:00 საათზე მივედი აქციაზე. სადღაც 23:30 საათზე ჩვენ მივაწექით სპეცრაზმელებს პარლამენტის შესასვლელისკენ. მივყვებოდი ნაკადს. ის, რაც ოქმშია დაფიქსირებული, არაა სიმართლესთან კავშირში, რადგან ის პირები, რომლებმაც დამაკავეს, არ იმყოფებოდნენ პოლიციის იმ შენობაში, სადაც მიმიყვანეს და ოქმი სხვა პიროვნებამ გააფორმა, რომელიც არ იყო ინფორმირებული აქციაში ჩემი მონაწილეობის ფორმებზე. მის მიერ მოხდა შაბლონის შევსება. დროც არასწორადაა მითითებული: 23:30 საათზე დამაკავეს, ოქმში კი 2 საათი მიუთითეს. 2 საათზე უკვე ვიმყოფებოდით ყვითელ ავტობუსში, სადაც დაკავებულები მოათავსეს, და 3 საათზე გავედით პარლამენტის ეზოდან. 04:30 საათზე  გაფორმდა პირველი ოქმი. მომაწოდეს, გავეცანი, მაგრამ მე უარი განვაცხადე ხელმოწერაზე, რადგან არ ეწერა სიმართლე. ეწერა, რომ მე დაზიანება მომაყენეს დაკავებამდე, რაც არის სიცრუე… მე დაკავების მომენტში მომაყენეს ძალის გადამეტებით ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობას ჰქონდა ჩემ მიმართ რამდენჯერმე ადგილი. სახეში ჩამარტყა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ერთმა პოლიციელმა დაკავებისას, ხელები გადამიგრიხეს და მირტყავმდნენ გვერდებიდან. შემდეგ ვიღაცამ დაიძახა, ნუღარ ურტყამთო და საბედნიეროდ შეწყვიტეს”, – განაცხადა დავით ტყებუჩავამ.

მოქალაქე ილია მეტრეველი ამბობს, რომ პოლიციისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირების დროს პარლამენტის კიბეებზე ჭყლეტვაში მოხვდა, რის შემდეგ სამართალდამცველებს კორდონს მიღმა შეშვება სთხოვა.

“აქციას ვესწრებოდი, ვიმყოფებოდი სულ ზემოთ, პოლიციის კორდონთან, სადაც შეხლა-შემოხლა მიმდინარეობდა. მოვუწოდებდი ადამიანებს რომ შეეწყვიტათ ეს შეხლა-შემოხლა. ვიღაცამ დაიძახა, მიაწექითო და სპეცრაზმელებს მიმაჭყლიტეს. სპეცრაზმელს ვუთხარი, შემიშვი შიგნით (კორდონს მიღმა), ვეღარ ვსუნთქავ-მეთქი. შემომიშვეს, მოვითქვი სული და მეორე მხრიდან გავდიოდი, რა დროსაც პოლიციელმა დაიძახა, სად უშვებთ, მოიყვანეთ აქო და დამაკავეს”, – ამბობს ილია მეტრეველი.

საბა დემეტრაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებმა დაკავებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“რუსთაველზე გავედი 01:00 საათზე ხალხის დასახმარებლად, რადგან ვიცოდი, რომ დაშავებულები იქნებოდნენ. ძმასთან ერთად ვიყავი. გაზის ჭავლიდან ვცდილობიდთ ხალხის გამოყვანას. ეს იყო მიზეზი, რატომ ვიყავი აქციაზე გასული. 06:25 წუთზე დამაკავეს. 70 ადამიანი ვიყავით თსუ-ის პირველ კორპუსთან გაჩერებული. რუსთაველის მეტროსკენ მივდიოდით. აქციის მონაწილეებმა დაუწყეს ქვების სროლა პოლიციას. მე ორ გოგოსთან ვიყავი, მათ გადავეფარე, რომ ქვა არ მოხვედროდათ. ფილარმონიის წინ იდგა მანქანა, ხალხი ცდილობდა მის გადატრიალებას, ისევ იმ გოგოებთან ერთად ვიყავი, ერთი პანიკაში ჩვაარდა, ეგონა, ადამიანი იჯდა იმ მანქანაში, გავიყვანე ვერის ბაღში, წყალთან მივიყვანე. როდესაც ვცდილობდი ვერის ბაღიდან გასვლას, ბევრი პოლიციელი შემხვდა, მითხრეს, შებრუნდი და უკან წადიო, წავედი უკან, რა დროსაც ვიღაცამ დაიძახა, სად უშვებ, დააკავეო. სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი ჩემ მიმართ. მტკივნეული არაფერი ყოფილა, უბრალოდ შეურაცხმყოფელი იყო”, – ამბობს საბა დემეტრაშვილი.

ყველა დაკავებულს ადმინისტრაციული პატიმრობა 4 დღემდე შეუმცირდა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

მოქალაქე გია ზოდელავა ამბობს, რომ 20 ივნისს დააკავეს, ოქმში კი 21 ივნისი წერია. მისი ადვოკატი ამბობს, რომ 5-6 საათი ავტობუსში ჰყავდათ და ეს დრო არსად არაა ასახული. ასევე, შეეზღუდა ადვოკტის ყოლის უფლება, ოჯახთანაც არ დაარეკინეს. ადვოკატის თქმით, ზოდელავა იქამდე დააკავეს, სანამ გაზს გამოიყენებდნენ. ადვოკატი ამბობს, რომ მოქალაქე ჭყლეტვაში მოჰყვა პარლამენტის შესასვლელთან, რა დროსაც დააკავეს და ხელკეტით მიყენებული ჭრილობა აქვს თავზე. ამის შემდეგ კი სისხლიანი, თავშეხვეული გაუშვა საქალაქო სასამართლომ 12 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

“პარლამენტის კიბეებთან დამაკავეს, სადაც უშუალოდ “რობოკოპები” იყვნენ. არც მოწოდება ყოფილა დაშლაზე, არაფერი. შეხლა-შემოხლა იყო, არ ვიცი, რით დაიწყო. ჭყლეტვა განახლდა, ამ დროს ჩემს წინ მდგომი რობოკოპი კარგავდა გონებას, ხელი მოვკიდე და ხალხს მოვუწოდებდი, რომ გაეტარებინათ. ამასობაში გამოჩნდნენ პოლიციელები, ხელკეტი ჩამარტყეს თავში, გაფრთხილების გარეშე, და შემათრიეს პარლამენტის ეზოში”, – ამბობს ზოდელავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი