ახალი ამბები

ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

15 დეკემბერი, 2014 •
ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მიხეილ ძაძამიას ადვოკატმა, გელა ქენქაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პროკურატურამ დააყენა.

 

“პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე, პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და გირაოს სახით 10 000 ლარი მოითხოვეს, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა 10 00 ლარი, დააკმაყოფილა 2 000 ლარი და დარბაზიდან გათავისუფლდა,”– განაცხადა ადვოკატმა.

 

როგორც გელა ქენქაძემ განაცხადა, საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. მისი თქმით, ამჟამად ნაფიც მსაჯულთა შესარჩევი სხდომები მიმდინარეობს და 14 ნაფიცი მსაჯულიდან ჯერ მხოლოდ 1 არის არჩეული. 


 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დაწყებას მათი შერჩევის პროცედურა აჭიანურებს. პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან ჯერ მხოლოდ ერთი ნაფიცი მსაჯულია შერჩეული და საქმეზე იწურება ცხრათვიანი საპატომრო ვადა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე  ძაძამიას მიმართ არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება გამოიყენეს.


 

ძაძამიას შეფარდებული აქვს  სისხლის სამართლის კოდექსის 342–ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რომელმაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

 

პროკურატურამ ძაძამია 2014 წლის 21 მარტს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, 2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსმა მიხეილ ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მიატოვა დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილი. 23 მარტს მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი