ახალი ამბები

მოქალაქეები პეტიციით აქციების რეზინის ტყვიებით დაშლის აკრძალვას ითხოვენ

22 ივნისი, 2019 • 1199
მოქალაქეები პეტიციით აქციების რეზინის ტყვიებით დაშლის აკრძალვას ითხოვენ

სამოქალაქო მოძრაობა საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვს, პოლიციას კანონით აკერძალოს აქციის დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენება. 22 ივნისის 20:15 საათის მონაცემებით, პეტიციას ათასამდე ადამიანი აწერს ხელს.

როგორც პეტიციაშია აღნიშნული, “დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა იმდაგვარი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს. იარაღის ინსტრუქციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მისი გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ, იწვევს სასიკვდილო ჭრილობებს.”

“პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში, არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი – არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონში გაჩნდეს პირდაპირი აკრძალვა, ამდაგვარი იარაღის გამოყენების თაობაზე.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში. პირდაპირ აიკრძალოს, რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა”, – წერია პეტიციაში.

მსურველებს დოკუმენტზე ხელის მოწერა შეუძლიათ ონლაინ ამ ბმულზე.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით.

მასალების გადაბეჭდვის წესი